“ჩვენს მოძმე სომეხ ერს უამრავი საამაყო ისტორიული მოვლენა ახსოვს, მაგრამ დღევანდელი ღონისძიება სომხეთის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს – დამოუკიდებლობის მოპოვებას ეძღვნება. დამოუკიდებლობის მოპოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომეხი ხალხის მტკიცე სული და ბრძოლისუნარიანობა, რომლებმაც ისტორიის რთულ პერიოდებს გაუძლო. ასევე, დღეს დიდი პატივისცემით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ქვეყნის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სომხეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს ღრმა ისტორიული ფესვები აქვს, რომლებიც მრავალსაუკუნოვან კულტურულ კავშირებს, ტრადიციებს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას ეფუძნება.
“მრავალი გამოწვევის წინაშე მყოფმა ჩვენმა ხალხებმა შეძლეს ისეთი მეგობრობის დამყარება, რომელიც დროსა და საზღვრებს სცდება და ერთმანეთის გვერდში დგომას გულისხმობს.
სულ რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობებისა და მეგობრობის ლოგიკური გაგრძელებაა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი დიდი წინაპრების მიერ ნაანდერძევი ისტორიული მეგობრობისა და ძმობის პოლიტიკა, რომელმაც მრავალ სირთულეს გაუძლო და ჩვენი ხალხების სულიერი და მატერიალური გამდიდრების საწინდარს წარმოადგენს.
მოხარული ვარ, რომ ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირები მტკიცეა. ხშირად ხდება ვიზიტების გაცვლა სხვადასხვა დონეზე. ორი ქვეყნის წარმომადგენლებს ყოველთვის აქვთ განსახილველი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მრავალი საკითხი.
სრული მზაობა გვაქვს, რომ გავაგრძელოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამ ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რისი ხელშეწყობისთვისაც საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობა რეგიონის სამივე ქვეყნის ინტერესშია.
„დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონის სამი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად, არაერთი წარმატებული პროექტის განხორციელებას შევძლებთ. გულითადად ვულოცავ სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! სომხეთს მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს ვუსურვებ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ უმრავლესობის წევრები: გიორგი ვოლსკი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი და სუმბატ კიურეღიანი.