სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი და იმედოვნებს, რომ ტრამპი ამას წარმატებით გაუმკლავდება.
„სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან X-ზე ერთ-ერთ დისკუსიაში გააკეთა, სადაც საკითხი შეეხებოდა, რა როლს ითამაშებდა პრეზიდენტი ტრამპი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი, რომელსაც, იმედია, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ს ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური მოძალადე და დამნაშავე უწოდა.
თორნტონმა დონალდ ტრამპის შესახებ სოციალურ ქსელ „იქსში“, ერთ-ერთ პოსტზე კომენტარის სახით დაწერა: „მესმის, რომ საქართველოს ინტერესებშია ქართული დემოკრატიის წარმოჩენა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ის სექსუალური მოძალადე და დამნაშავეა. ამიტომ ჩვენგან ბევრს, როგორც ქართველები იტყვიან, „ყურს გვჭრის“ ჩვენი ქართველი მეგობრებისგან ტრამპის ასეთი ქება-დიდება და პირფერობა“.