spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – ვულოცავ ჩინელ ხალხს ეროვნული დღის 75-ე წლისთავს, საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობა ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას ეფუძნება

“ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა ჩინელ ხალხს ეროვნული დღის 75-ე წლისთავი გულითადად მივულოცო. ჩინეთისთვის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა, საქართველოს კარგი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ეს მართლაც ისტორიული თარიღია. ეს დღე არა მხოლოდ ახალი რესპუბლიკის დაარსებასა და ჩინეთისთვის ახალი ეპოქის დასაწყისს აღნიშნავს, არამედ ჩინელი ხალხის მდიდარი ისტორიის, კულტურისა და გასაოცარი მიღწევების შეხსენებაა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთმა ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, საერთაშორისო პოლიტიკაში წამყვან ქვეყნად იქცა და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს გლობალურ განვითარებასა და თანამშრომლობაში.

“ჩვენი ქვეყნები იცავენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა დამოუკიდებლობის აღიარება, ტერიტორიული მთლიანობა და ჩაურევლობა, რაც საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველია.

საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრობა ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენმა ერებმა დაამყარეს ძლიერი კავშირები ვაჭრობაში, კულტურასა და დიპლომატიაში და სწორედ ეს ძლიერი და მრავალფეროვანი კავშირები გვაძლევს განვითარებისა და უფრო და უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში თანამშრომლობის შესაძლებლობას.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს, რადგან ჩინეთი აგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის“ გაფართოებას, ხოლო ჩვენ, თავის მხრივ, ვსარგებლობთ გაუმჯობესებული დაკავშირებადობითა და ინვესტიციებით. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კავშირებს პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის სფეროებში, ასევე, ხელს შეუწყობს უფრო აქტიურ თანამშრომლობას გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში.

ერთობლივი თანამშრომლობით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის სრული პოტენციალის გამოყენება, რაც ჩვენს ერებს დიდ სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და ხაზი გაუსვა  ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების განვითარებას, რათა გააქტიურდეს ურთიერთსაინტერესო საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.

“ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ შესაძლებლობების მიმართ, რომლებიც ჩვენს პარტნიორობას ელოდება. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიმუშაოთ უფრო ნათელი მომავლის შექმნაზე, რომელიც იმედით, ურთიერთგაგებითა და კეთილდღეობით იქნება აღსავსე.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩინელ ხალხს ამ მნიშვნელოვან დღეს. მომავალ წლებს მოეტანოს მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენს ერებს შორის მეგობრობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები