ბატონი მიქანაძე დანაშაულებრივ განაცხადს აკეთებს, “ჩვენ გავაგრძელებთ მიყურადებას” – ამის თქმა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, ისიც მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ლელოს” წევრმა, იურისტმა შალვა შავგულიძემ Front News-ს “ქართული ოცნების” დეპუტატის გივი მიქანაძის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
შავგულიძის განმარტებით, დეპუტატის მიერ ასეთი განცხადების გაკეთება გაუგებარია და თუ მას მიაჩნია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა და სამართალწარმოება ერთი და იგივეა, ეს საგანგაშოა.
“ძალიან უცნაური ფრაზა გამოიყენა ბატონმა მიქანაძემ, როდესაც თქვა, რომ “ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მიყურადებას” – ვინ იგულისხმება ამ “ჩვენ”-ში, საპარლამენტო უმრავლესობა, თუ გამოძიება? თუ მას მიაჩნია, რომ ერთი და იგივეა მმართველი პოლიტიკური ძალა, გამოძიება და სამართალწარმოება?!
ისინი გააგრძელებენ მიყურადებას სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილზე, რომლებიც მიაჩნიათ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან აფერირებულებად, რას გულისხმობს ამ მიყურადებში?- პარლამენტარი ცოტა მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს ფრაზების გამოყენებას. თუ გულისხმობს ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას, ეს გამოძიების პრეროგატივაა და ძალიან მკაცრი სტანდარტებია დადგენილი, რა შემთხვევაში შეიძლება გამოძიებამ ეს აწარმოოს. თუ გულისხმობს რაღაც პოლიტიკურად ყურადღებით მოკიდებას, მკაფიოდ უნდა მაშინ ამას თქმა. ეს გამონათქვამი – “ჩვენ გავაგრძელებთ მიყურადებას”, ძალიან არასწორად ნათქვამი ფრაზაა. თუ ბატონი მიქანაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა, გამოძიება, სამართალწარმოება, ეს რაღაც ერთიანი ორგანიზმია, ძალიან დანაშაულებრივ განაცხადს აკეთებს.
როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას – “ჩვენ გავაგრძელებთ მიყურადებას” – ეს მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევებში. რეგლამენტირებულია ეს კანონის მიერ, მაგრამ თუ უკვე იმდენად აღარაფერს ერიდებიან, ეს უკვე ზღვარგადასული უკანონობაა”- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
გივი მიქანაძემ დღეს სადამკვირევებლო ორგანიზაციიების ნაწილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან აფელაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მათზე მიყურადებას გააგრძელებენ.
“ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი 3 კვირის განმავლობაში აქტიურ მიყურადებას იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საარჩევნო კომისიების, თუ კონკრეტული ოლქების მიერ იქნება დარეგისტრირებული, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია. იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ვამხილოთ ეს ორგანიზაციები, რომლებიც არიან არა რეალურად დაკვირვებაზე ორიენტირებულები, არამედ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული და ისინი წარმოადგენენ ფილიალებს იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ რეალურად ემზადება 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის”, – განაცხადა მიქანაძემ.