ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.
შარლ მიშელმა აღნიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული.
“დღეს მე ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე, შეხვედრას ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორების ლიდერებთან, ანუ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ლიდერებთან შესახვედრად. მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, ასევე, მათთან ერთად განმეხილა ის მოვლენები, რომლებიც ხდებოდა საქართველოში და 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება.
ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.
მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებისა და ეს არის წინაპირობა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საქართველოსადმი. სწრაფი დანიშვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა.
მე ასევე განვსაზღვრე და ხაზი გავუსვი ყველა ჩემს შეხვედრაში, რომ დღეს მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები პრესის თავისუფლებისა და ასევე, გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული. მე კმაყოფილი ვარ, რომ ყველა ხელმომწერი შეთანხმებისა, კვლავ თავის ვალდებულებას ასრულებს, იმისათვის, რომ შეასრულოს ყველა ის საკითხი, რომელიც იყო ამ შეთანხმებაში დაცული. ეს არის გზა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური ძალა იყოს გაერთიანებული ქვეყანაში და ამ მიმართულებით იმოქმედონ. ასევე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელი არ აქვს ამ შეთანხმებაზე მოწერილი, მოაწეროს ხელი მას”, – განაცხადა შარლ მიშელმა.