გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ. ეს იქნება რთული, მაგრამ ჩვენ უნდა დავისახოთ მკაფიო მიზანი. მჯერა, რომ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის გაფართოებისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიაში სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ის დაასრულებს აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას. ასე რომ, გაფართოება არ არის ოცნება, ახლა წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ეს იქნება რთული და ზოგჯერ მტკივნეულიც, მომავალი წევრი სახელმწიფოებისთვის და ევროკავშირისთვისაც.
მჯერა, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ორივე მხრიდან 2030 წლის გაფართოებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს ჩვენს საერთო მიზნებს, ეს არის ამბიციური, მაგრამ აუცილებელი გეგმა, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილი”, – აცხადებს მიშელი.