გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ ნატო დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, თუ ამის საჭიროება იქნება.
როგორც შოლცმა აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, გერმანია დღეს წამყვან როლს ასრულებს ნატოს ყოფნაში ბალტიის რეგიონში, რუსეთთან საზღვართან.
“და რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხე გრძელდება, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა შარშან გადავწყვიტეთ დამატებითი შენაერთების განლაგება ბალტიისპირეთში და სამომავლოდ იქ მუდმივ საფუძველზე განვათავსოთ მთელი ბრიგადა.
უსაფრთხოების პოლიტიკის ეს ცვლილება აუცილებელია იმისათვის, რომ რუსეთს ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ თავდასხმისგან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისივე თქმით, დიპლომატია მხოლოდ ძალის პოზიციიდან შეიძლება იყოს წარმატებული, ამიტომ, შოლცის თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები სრულად დაეყრდნონ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში მათ დასაცავად დადგებიან.
“ეს გზავნილი ჩვენთვისაა, მაგრამ ის ასევე არის გზავნილი რუსეთისთვის, რადგან ამ დაპირებისადმი ნდობა, რა თქმა უნდა, რუსეთის გათვლების ნაწილია”, – აღნიშნა შოლცმა.
მაისში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესთავაზა რუსეთის მთავრობას ცალმხრივად “შეცვალოს“ საზღვაო საზღვრები ლიეტუვასთან და ფინეთთან ბალტიის ზღვაში. გასაჯაროების შემდეგ დოკუმენტი რუსეთის მთავრობის ვებგვერდიდან გაქრა.