გერმანია არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის თავს მოხვეულ სამშვიდობო შეთანხმებას, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ პუტინი მოიგებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას ყოველთვის აერთიანებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვა. ამიტომ დასავლეთი უკრაინის მხარეზეა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს.
“ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი საერთო მიზანი – შევინარჩუნოთ უკრაინის სუვერენული დამოუკიდებლობა. ეს დამოუკიდებლობა უნდა აისახოს მოლაპარაკებებში”, – განაცხადა შოლცმა.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.
“რუსეთის გამარჯვება და უკრაინის დაშლა არ გამოიწვევს მშვიდობასა და წესრიგს ევროპაში. ჩვენ არასდროს დავუჭერთ მხარს უკრაინისთვის თავს მოხვეულ მშვიდობას. ჩვენ ასევე არ დავთანხმდებით არანაირ გადაწყვეტილებას, რომელიც ყოფს ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოებას. ამით ისარგებლებს მხოლოდ პუტინი”, – განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიას შეუძლია და მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინმა ომის გზით ვერ მიაღწია თავის მიზნებს. კერძოდ, ნატოში ახალი სახელმწიფოები შევიდნენ, უკრაინაში მარიონეტული რეჟიმი არ შექმნილა და უკრაინის არმია დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს ითვლის.
“მაგრამ რა გარანტიები შეგვიძლია მივიღოთ რუსეთისგან, რომ შეტევა არ განმეორდება? ეს გარანტია არის ძლიერი უკრაინული არმია, რომელიც გადააჭარბებს მათ ეკონომიკურ ძალას და შეძლებს გაუძლოს ომის შემდგომ პერიოდს. ასე რომ, ეს არის ამოცანა, რომელიც დაევალება უკრაინის პარტნიორებს”, – განაცხადა შოლცმა.