spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შოლცი – საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებს მივაკუთვნებთ, მიზანშეწონილი არ არის ვარაუდი, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა “შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ახალი საიმიგრაციო ზომების შესახებ ვრცლად ისაუბრა.

 

“ერთი მხრივ, ხდება სამუშაო ძალის იმიგრირება, რომელიც გვჭირდება. არიან ისინიც, ვინც თავშესაფარს ეძებენ, რადგან ისინი პოლიტიკური დევნის სამიზნე არიან. მეორე მხრივ კი, ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც არ მიეკუთვნებიან ამ რომელიმე ჯგუფს, დარჩენას ვერ შეძლებენ. სწორედ ამიტომ ვზღუდავთ უკანონო მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის.

 

ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს, ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის, ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა შეძლოს ევროპაში შემოსვლა. ჩვენ ევროკავშირში შევთანხმდით ახალ სოლიდარობის მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველივე ქვეყანაში, რომელშიც შევლენ, გერმანიაში გაშვების ნაცვლად. სანაცვლოდ, ისინი სამართლიანად გადანაწილდებიან მთელ ევროპაში. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო თვეებში ევროპარლამენტი დაამტკიცებს ამ მექანიზმს“, – განაცხადა შოლცმა.

 

მისივე თქმით, მასშტაბური დეპორტაცია უნდა განახორციელონ მათ მიმართ, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს.

 

“ისინი, ვისაც გერმანიაში დარჩენის ნებართვას, სავარაუდოდ, არ მიანიჭებენ, რადგან ვერ დაადასტურებენ დაცვის საჭიროებას, უნდა დაბრუნდნენ. ამის რეალიზაციისთვის ჩვენი სახელმწიფო ორგანოები ხელმისაწვდომი უნდა იყვნენ უწყვეტად, რათა ის პირი, რომელსაც ფედერალური პოლიცია დააპატიმრებს, რეალურად დეპორტირებულ იქნეს. ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ საიმიგრაციო ოფისის გაციფრულება – ქაღალდის ერა უნდა დასრულდეს. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის მინიჭებაზე განცხადებები და პირველადი გასაუბრებები მიღების პუნქტებშივე ხორციელდებოდეს. სასამართლო განხილვებიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე დეპორტაციის საქმეებზე პირველადი დადგენილებები ოთხი თვის შემდეგ მოდის, სხვაგან კი ამას 39 თვე სჭირდება. ეს დაუშვებელია. ჩვენ უფრო ხშირად და სწრაფად უნდა განვახორცილოთ დეპორტაციები“, – განაცხადა შოლცმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები