გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა შესაძლოა, გერმანიის კანცლერის პოსტი ვადაზე ადრე დატოვოს. ეს დაკავშირებულია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერის დაბალი დონით, – წერს Bild.
INSA-ს გამოკითხვამ, რომელიც ჩატარდა გამოცემისთვის და გამოქვეყნდა 31 დეკემბერს, აჩვენა, რომ 2023 წლის განმავლობაში გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა 20%-დან 15%-მდე დაეცა.
პარტიის ფიასკოს მთავარი ფაქტორი, ანალიტიკოსების აზრით, არის ის, რომ ხუთი გერმანელიდან მხოლოდ ერთი აფასებს პარტიის კანცლერის ოლაფ შოლცის მუშაობას დადებითად.
ამასთან, Bild წერს, რომ გერმანიაში ანალიტიკოსებს ეჭვი ეპარებათ კანცლერის შეცვლის რეალობაში: კერძოდ, პარტიის წევრებმა მხარი დაუჭირეს შოლცს პარტიის კონფერენციაზე.
იტალიური გაზეთი La Repubblica ასევე წერს, რომ ოლაფ შოლცი შესაძლოა, 2024 წლის დასაწყისშივე გადადგეს.
ჟურნალისტების მონაცემებით, შოლცის მემკვიდრე შეიძლება იყოს თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი, რომელიც ცოტა ხნის წინ ყველაზე პოპულარული გერმანელი პოლიტიკოსების რეიტინგში ლიდერობდა.
კანცლერის გადადგომის მიზეზი, როგორც La Repubblica ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, შესაძლოა, იყოს სკანდალი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს მოხდა Wirecard-თან და მის უფროსთან იან მარსალეკთან დაკავშირებით (ახლა ის, სავარაუდოდ, მოსკოვში იმალება).
იმ დროს შოლცი ხელმძღვანელობდა ეკონომიკის ფედერალურ სამინისტროს და პასუხისმგებელი იყო ფინანსურ მარეგულირებელზე, რომელმაც ვერ შეამჩნია გერმანიის ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითური სქემა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა შოლცი ყოველთვის უარყოფდა რაიმე პირად პასუხისმგებლობას ამ ფინანსურ სკანდალზე.