ჩხრეკის შინაარსი და სასამართლოს განჩინება ჩხრეკის ჩატარებაზე წავიკითხე და არის სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჩხრეკის შესახებ განჩინებაში იწერება, რას ეძებს გამოძიება, მაგრამ არ ეწერათ რას ეძებდნენ, – ამის შესახებ ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საცხოვრებელი სახლიდან გიორგი ნონიაშვილის კომპიუტერთან ერთად მისი არასრულწლოვანი შვილის, სკოლის მოსწავლის სასწავლო კომპიუტერიც ამოღებულია.
“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სავარაუდოდ, ეს უკავშირდება იმ საარჩევნო რეპრესიებს, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. რაც შეეხება თავად ჩხრეკის პროცესს, ცხადია, ჩხრეკა არის უკანონო. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებიც აქ მოვიდნენ ჩხრეკისთვის, მათ მიმართ არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩნია, იქცეოდნენ ზრდილობიანად, ზედმიწევნით დაიცვეს კანონით გათვალისწინებული წესები, მისცეს ადვოკატს მონაწილეობის საშუალება თუმცა თავად ჩხრეკის შინაარსი და სასამართლოს განჩინება ჩხრეკის ჩატარებაზე წავიკითხე და არის სრულიად აბსურდული და დაუსაბუთებელი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ჩხრეკის შესახებ განჩინებაში იწერება, რას ეძებს გამოძიება, მაგრამ არ ეწერათ რას ეძებდნენ. ეს იყო გამზადებული შაბლონი, რომელიც გამზადებულია ხოლმე იმ შემთხვევისთვის, როცა პოლიცია მზად არის, რომ ადამიანებს რაღაც ჩაუდოს. ჩვენს შემთხვევაში, ეს არ მომხდარა და ამგვარი საფრთხე არ გვიგრძნია ამ ეტაპზე.
წაღებულია ბავშვის სასწავლო მასალებით სავსე ლეპტოპი და პოლიტიკოსის კომპიუტერი. ბუნებრივია, ამას გამართლება არ აქვს”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
Atlantic Council-ის მკვლევრის სოფო გელავას და მისი ქმრის, პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ჩხრეკა ჩატარდა Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, მკვლევარ ეთო ბუზიაშვილის სახლში, ასევე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა ძმებ ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლშიც, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დილიდან იმყოფებიან ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში. ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა.