სამწუხაროდ, დღევანდელი პროცესი არის იმაზე უფრო ფარსი, ვიდრე სხვა პროცესები, – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულების – ირაკლი მიმინოშვილის და გიორგი გიორგაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრალი ისეთივე აბსურდულია, როგორც სხვა მსგავს საქმეებზე სრულიად – უსაფუძვლო და შეუსაბამოა საკანონმდებლო რეგულაციებთან.
“სამწუხაროდ, დღევანდელი პროცესი არის ალბათ, იმაზე უფრო ფარსი და სპექტაკლი, ვიდრე სხვა პროცესები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს და ვიცით როგორ დასრულდება.
გუშინდელმა პროცესმა სხვა ბრალდებულების მიმართ, სხვა საქმეზე, ნათელი გახადა თუ რა არის “ქართული ოცნების” დაკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოზე.
მოსამართლე, რომელმაც ჩვენი საქმე უნდა განიხილოს, ერთ-ერთი ერთგული შემსრულებელია მათი დავალების”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილება.