“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით საქართველოს შსს განცხადებას ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ბაჩიაშვილმა საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, რის შემდეგაც მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა და გაიარა საზღვარი.
“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ, ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაცია, გ.ბ.-ს მიერ, სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ, უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ გ.ბ.-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად გრძელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე პირების დადგენა – დაკავების მიზნით.
ინფორმაციას შედეგების შესახებ სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის. გ.ბ. -ს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა”, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ 2 მარტს დატოვა. აღსანიშნავია, რომ მას პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა და ასევე, საზღვრის გაუფრთხილებლად დატოვება აკრძალული ჰქონდა. ბაჩიაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება – “მტკვარჰესი”, ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების მითვისება და საზღვრის უკანონო კვეთა.