შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე – 1989 წელს დაბადებული რ.პ. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100 ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე – ჯამში 30 900 ლარის ჩარიცხვა განახორციელა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულს სპეციალური ნიღაბი და ხელთათმანები ეკეთა, რათა მისი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.პ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტა სრულად ამოიღო, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ნიღაბი და ხელთათმანი.
გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.