პოლონეთს არ ესმის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმის აკრძალვის შესახებ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შორ მანძილზე დარტყმის ნებართვა უნდა მიიღონ, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების შემთხვევაში მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს აქვს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით განსაზღვრული შეზღუდვები, მაგრამ რუსეთი მათ სისტემატურად უგულებელყოფს.
“მე ვიყავი ლვოვში და იქ რუსულმა რაკეტამ მოკლა მთელი ოჯახი. მამა უყურებდა, როგორ ამოჰყავდათ მისი ცოლისა და სამი ქალიშვილის ცხედრები ნანგრევებიდან“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და უკვე გაანადგურა ობიექტების დაახლოებით 70%.
“რაკეტა, რომელმაც ლვოვის ოჯახი იმსხვერპლა, რუსულმა ბომბდამშენმა გაისროლა, რომელიც აფრინდა რუსეთის აეროდრომიდან. დამისახელეთ ერთი მიზეზი მაინც, რატომ არ უნდა ჰქონდეს უკრაინას შესაძლებლობა, გაანადგუროს ეს ბომბდამშენი აეროდრომზე დარტყმით. აგრესიის მსხვერპლს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის აგრესორის ტერიტორიაზე დარტყმით“, – განაცხადა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიხსენა, რომ უკრაინული ჯარები უკვე იმყოფებიან რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში აგვისტოდან და მიანიშნა, რომ ამან უნდა გააქარწყლოს დასავლელი მოკავშირეების შიში კრემლის რეაქციაზე “წითელი ხაზების“ გადაკვეთაზე.