სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
მისალოც წერილში იგორ მატოვიჩი ხაზს უსვამს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
"გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას.
მწამს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარება და გაძლიერება გაგრძელდება ორივე ქვეყნის მოქალაქეთა სასიკეთოდ.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა გააგრძელებს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მზადაა, განაგრძოს საქართველოსთვის კომპლექსური დახმარების აღმოჩენა ინტეგრაციული მისწრაფებების დაკმაყოფილების მიზნით.
თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნისას მრავალი წარმატება და ჯანმრთელობა გისურვოთ", – აღნიშნავს იგორ მატოვიჩი.