წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საგანმანათლებლო კერა – სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლა 130 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბანოჯის სკოლის დამაარსებლის, დიდი ქართველი მასწავლებლის და საზოგადო მოღვაწის მელიტონ ჩოგოვაძის სახელობის კლას-კაბინეტი გაიხსნა. ცერემონიას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, საქართველოს სხვადასხვა სკოლების დირექტორები, პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები და ამ სკოლის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
დიდი ქართველი პედაგოგი მელიტონ ჩოგოვაძე ამ სოფლის მკვიდრი და კიევის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული იყო, მის სახელს უკავშირდება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების გაძლიერებული სწავლება ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რის გამოც დევნიდა კიდეც მეფის რუსეთის მთავრობა. იყო პოლიგლოტი, საუბრობდა ფრანგულ, გერმანულ ინგლისურ და სომხურ ენებზე, ფლობდა ლათინურს. მელიტონ ჩოგოვაძემ იმ გლეხებისთვის, რომლებიც ვერ სწავლობდნენ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დააარსა საკვირაო სკოლა და ეწეოდა საგანმანთლებლო საქმიანობას, ის იყო აკაკი წერეთლის დიდი მეგობარი და თანამოაზრე. მის ხსოვნას ლექსი უძღვნა ტიციან ტაბიძემ. მელიტონ ჩოგოვაძე დაკრძალულია სოფლის სასაფლაოზე. სკოლის იუბილე ამ დიდი ქართველი პედაგოგის საფლავის პატივგებით დაიწყო. მისმა შთამომავალმა – ცნობილმა ექიმმა დიმიტრი მხეიძემ სკოლის დირექტორს ნინო წილოსანს მელიტონ ჩოგოვაძის ღვაწლის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
საიუბილეო საღამოზე სკოლის დირექტორმა პედკოლექტივის სახელით გააჟღერა ინიციატივა, რომ სკოლას მელიტონ ჩოგოვაძის სახელობა დაუბრუნდეს, რომელიც წლების წინ საბჭოთა პერიოდში ჩამოართვეს. ღონისძებაზე მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძეც გამოვიდა, რომელმაც ამ ინიციატივაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მანვე აღნიშნა, რომ წარმატებულ მოსწავლეებს ადგილობრივი მთავრობა აუცილებლად წაახალისებს.
“ამ სოფლის მკვიდრი ვარ და ეს დღე განსაკუთრებულად ამაღელვებელია ჩემთვის. მიხარია რომ უძველესი სკოლა რომლის ისტორია კიდევ უფრო ადრე დაიწყო, – როცა სამრევლო სკოლა წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში იყო და ამ ინიციატივით გამოდის. ეს ერთ-ერთი მცირეკონტინგენტიანი სკოლაა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რომელიც დიდი წარმატებებით და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ.
საიუბილეო ღონისძიებაზე ბანოჯის სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს დიდი პედაგოგი. ასევე ჩატარდა კონფერენციები, პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მათემატიკაში, სამოქალაქოს და სახვითი ხელოვნებაში განხორციელებული წარმატებული პროექტები გააცნეს.
სკოლის 130 წლის საიუბილეო საღამო მოსწავლეთა მიერ მომზადებული საზეიმო კონცერტით დასრულდა.