ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უწყვეტ პროტესტს პარლამენტთან აგრძელებს.
სოფლის მცხოვრებლებმა საკანონმდებლო ორგანოსთან 11 სექტემბერს გადმოინაცვლეს. პროტესტის რამდენიმე მონაწილე მე-12 დღეა, შიმშილობს, რის გამოც მათთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.
5 ადგილობრივს კი მე-11 დღეა, პირი აქვს ამოკერილი.
ამასთან, პოლიციამ მათ პარლამენტთან კარვის გაშლის უფლება არ მისცა.
“კარვების გაშლის საშუალება არ მოგვცეს და კარვებს რომ დავანებოთ თავი, ღამე რომ აცივდა თბილი პლედების შემოტანის შესაძლებლობაც კი არ მოგვცეს.
კომპანიას მართავენ კრიმინალი, მექრთამე ხელმძღვანელები. 2021 წელს ერთადერთი კანონიერი ხელშეკრულება, რაც გაფორმდა 9 ივლისს, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” იქიდან ერთი პუნქტიც კი არ შეუსრულებია. მოვიდნენ, დასხდნენ პირდაპირ ეთერში და ჩვენ მზად ვართ, პირდაპირ ეთერში ვესაუბროთ”, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.
შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას მოითხოვენ.