უკრაინელების ნახევარზე მეტი ვოლოდიმირ ზელენსკის ენდობა. დონალდ ტრამპის აზრის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტის მოწონების რეიტინგი ბოლო თვეებში გაიზარდა.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, 2025 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მონაცემებით, უკრაინელების 57% ენდობა ზელენსკის, 37% არ ენდობა მას.
ნდობის მაჩვენებლები ოდნავ გაუმჯობესდა 2024 წლის დეკემბრის ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, როდესაც მას ენდობოდა 52%, არ ენდობოდა 39%.
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ანტონ გრუშეცკიმ აღნიშნა, პრეზიდენტი ზელენსკი ინარჩუნებს საკმაოდ მაღალ ნდობას საზოგადოებაში და უფრო მეტიც, ინარჩუნებს ლეგიტიმურობას. მისი თქმით, დემოკრატიული საზოგადოებისთვის ნდობის ამჟამინდელი დონე ძალიან კარგი შედეგია.
“თუ ცალკეული საერთაშორისო პარტნიორები და მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან პრეზიდენტის ლეგიტიმურობით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში და მიზანშეწონილად მიაჩნიათ დაჟინებით მოითხოვონ არჩევნები, მაშინ თავად უკრაინის მოქალაქეების თვალსაზრისით, ამაში არანაირი პრობლემა არ არის, ამჟამინდელი პრეზიდენტი და მთავრობა სრულიად ლეგიტიმურად აწარმოებენ რთულ მოლაპარაკებებს და არჩევნები უნდა ჩატარდეს ომის დასრულების შემდეგ და მინიმუმ მას შემდეგ, რაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს”, – განაცხადა სოციოლოგმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი თითქოს 4%-ს შეადგენს. “ჩვენ გვაქვს სიტუაცია ახლა უკრაინაში, სადაც დიდი ხანია, არჩევნები არ ჩატარებულა. იქ საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. და უკრაინის ლიდერის მხარდაჭერა ახლა 4%-ია”, – განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდეს, თუკი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა იქნება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ისაუბროს უკრაინაში არჩევნებზე, მაგრამ “უკრაინელებს აბსოლუტურად არ სურთ არჩევნები, მათ ეშინიათ, რომ ჩვენ დავკარგავთ საომარ მდგომარეობას, თუ არჩევნები იქნება, ჯარისკაცები სახლში დაბრუნდებიან და პუტინი მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენს”.
გამოკითხვების თანახმად, უკრაინელების უმრავლესობა ომის დროს არჩევნების წინააღმდეგია. კერძოდ, 2024 წლის მარტში გამოკითხულთა მხოლოდ 22% იყო დადებითად აფასებდა უკრაინაში ეროვნული არჩევნების (საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო) ჩატარებას ომის დასრულებამდე.
როგორც უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე კორნიენკომ განაცხადა, არჩევნები შეიძლება ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ. მისივე თქმით, თარიღები ამ დროისთვის უცნობია.