spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე “ცინცაბაძის ჯგუფის” საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქმის მასალებისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, “ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებთან დაკავშირებით დადგენილებები გამოიტანა.

 

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, 2023 წლის 16 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) დარღვევას, როგორც არსებით, ასევე პროცედურულ ნაწილში მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი გაუტოლდა წამებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა, ოჩიგავას საქმეზე, გლდანის ციხის შვიდი თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, პატიმართა, მათ შორის მომჩივნის მიმართ სისტემატური არასათანადო მოპყრობისთვის დამნაშავედ ცნეს, რასაც ადგილი ჰქონდა 2011-2012 წლებში, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ კვლავაც სახეზე იყო წამების ეპიზოდები, რომლებზედაც არ იყო დასრულებული გამოძიება.

 

გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილების მიღებისას, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს მოსაზრება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ოჩიგავას მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მიაჩნია, რომ არსებობს ამ საქმეზე ობიექტური, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმართვის პოტენციალი.

 

შესაბამისად, სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, აკაკი ოჩიგავას მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144/3-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიების ჩატარება/გაგრძელება, მიზანშეწონილად მიიჩნია.

 

რაც შეეხება საქმეს “მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2023 წლის 19 იანვარს გამოიტანა და დაადგინა, რომ სახელმწიფოს მიერ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ნაწილის დარღვევას.

 

საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით და ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ არ არსებობდა მისი განხილვის აუცილებლობა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.

 

სახელმწიფოს მხრიდან დარღვევა დაფიქსირდა მხოლოდ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილში.

 

ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ ხსენებულ საქმეზე არ დაადგინა კონვენციის არცერთი მუხლის არსებითი დარღვევა, რაც გამოძიების განახლების პირდაპირი ვალდებულება იქნებოდა და ცნო დარღვევა მხოლოდ პროცედურულ ნაწილში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა, ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების საუკეთესო გზის მოსაძებნად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციებს დალოდებოდა და მხოლოდ მას შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

 

2024 წლის მარტში მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მიმართ მოწოდებას გამოძიების განახლების თაობაზე და იგი მხოლოდ აკეთებს დათქმას რომ საგამოძიებო ორგანომ განიხილოს აღნიშნული საქმე და იმსჯელოს, რამდენად მიზანშეწონილია გამოძიების განახლება.

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის  რეკომენდაციის ფარგლებში შესწავლის მიზნით გამოითხოვა მაჩალიკაშვილის საქმე, რომელზეც გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა. შესწავლის დასრულების შემდეგ სამსახურმა მიიღო დადგენილება, რომელშიც დეტალურად და არგუმენტირებულად არის ახსნილი, თუ რატომ ვერ ხედავს უწყება გამოძიების განახლების მიზანშეწონილობას.

 

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო იმავე დღეს, როცა ჩატარდა სპეცოპერაცია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე და გაატარა მრავალი ღონისძიება, რათა შეეგროვებინა და დაეცვა მტკიცებულებები გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, გამოკითხა მოვლენებში მონაწილე თითქმის ყველა პირი, პოტენციური მოწმე და ჩაატარა არაერთი მნიშვნელოვანი ექსპერტიზა.  შემთხვევის ადგილის სათანადოდ დაცვის საკითხის შეფასებისას, სასამართლო დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ სერიოზულად დაშავებული პირისთვის პირველადი დახმარების გაწევის აუცილებლობა უპირატესია შემთხვევის ადგილის დაცვის მოთხოვნებთან შედარებით.

 

ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დადებითად შეაფასა მომჩივანთა მონაწილეობა გამოძიების პროცესში, ვინაიდან მათ ჰქონდათ საშუალება, გასცნობოდნენ გამოძიების მასალას, ხოლო მათი მოთხოვნები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და სწორედ მათი მოთხოვნით დაიკითხნენ დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე და ოფიცრები.

 

თუმცა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ასევე დაადგინა ცალკეული პროცესუალური ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც სამსახურმა საქმის შესწავლის შედეგად გამოტანილ დადგენილებაში თითოეული საკითხი ამომწურავად განმარტა. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, ინციდენტის შემდეგ პირველი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც არ შეიძლება ჩათვლილიყო დამოუკიდებელ პირად. სამსახურმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა და განმარტა, რომ პირველადი საგამოძიებო მოქმედება დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების თანამშრომლებსაც რომ ჩაეტარებინათ, მაინც იარსებებდა რისკი, რომ მტკიცებულება განადგურებულიყო, ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მისვლას დაჭირდებოდა გონივრული დრო და ამ დროში მტკიცებულებასთან წვდომა კვლავ ექნებოდა ოპერაციის ჩამტარებელ უწყებას. ამავდროულად ასეთ რისკებს აზღვევს საქმეზე ჩატარებული უამრავი სხვა საგამოძიებო მოქმედება.

 

რაც შეეხება აღნიშნული დარღვევის ნაწილში გამოძიების განახლების საკითხს, სამსახურმა მიიჩნია, რომ გამოძიების განახლება ამ კომპონენტში არაგონივრულია, ვინაიდან – ჩხრეკის ჩატარება არის შემდგარი ფაქტი და გამოძიების განახლების შემთხვევაშიც, შეუძლებელია იმავე ვითარებაში ჩატარდეს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ხელახალი გამოძიებისთვის შედეგის მომტანი იქნება.

 

ევროპულმა სასამართლომ ხარვეზად მიიჩნია, რომ პროკურატურა შეზღუდული იყო ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის შეფასებისას, რასთან დაკავშირებითაც სამსახური დადგენილებაში განმარტავს, რომ ვინაიდან სპეციალური ოპერაციის ჩატარებამდე, ჩატარებისას და ოპერაციის შემდგომ არ მომხდარა არსებული მონაცემების დოკუმენტირება და ანგარიშის შედგენა, ხელახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც, ვერ იქნება მოპოვებული და ამოღებული ასეთი დოკუმენტები, რადგან ისინი ფიზიკურად არ არსებობს და უფრო მეტიც, მათი შედგენა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სამართლებრივად არ ევალებოდა.

 

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც  ევროპული სასამართლო საუბრობს, მდგომარეობს იმაში, რომ სპეციალურ ღონისძიებაში მონაწილე და ღონისძიებასთან დაკავშირებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გამოიკითხნენ დაგვიანებით. სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ სპეცრაზმელთა დაგვიანებით გამოკითხვა იყო ვინმეს დანაშაულებრივი მიზანი ან/და ნება. გამოძიებით დადგენილია, რომ მათი გამოკითხვა დაკავშირებული იყო საიდუმლო დოკუმენტაციის გასაიდუმლოებასთან, რის შემდეგაც სამართალდამცველებს ჰქონდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში. სპეცრაზმელებმა, თუნდაც დაგვიანებით გამოკითხვის პირობებში, გამოძიებას მიაწოდეს სრულყოფილი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოზიციების შეთანხმების რისკი ჰიპოთეტურად მაინც იარსებებდა იმ პირობებში, როდესაც ისინი ერთ უწყებაში მუშაობენ და ნაცნობობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ. შესაბამისად, გამოძიების ის მიზნები, რომლებიც დაკავშირებული იყო სპეცრაზმელთა გამოკითხვასთან და მომხდარის ირგვლივ მათგან დეტალური ინფორმაციის მიღებასთან,  შესრულებულია. ამდენად, გამოძიების განახლება ამ საკითხთან დაკავშირებით არის მოკლებული გონივრულ საფუძვლებს და მიზანშეუწონელია.

 

ასევე, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივნებს არ მიეცათ სისხლის სამართლის საქმის საიდუმლო მასალაზე წვდომა, რამაც შეზღუდა მათი შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ გამოძიებაში. სამსახურმა შეისწავლა აღნიშნული გარემოება და შეაფასა, რამდენად არის ეს გარემოება გამოძიების განახლების საფუძველი. კერძოდ, საქმის საიდუმლო მასალების მომჩივნებისთვის დაგვიანებით გაცნობას არ გამოუწვევია იმ სახის არსებითი ზიანი, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა გამოძიების შედეგებზე. მხედველობაში  იქნა მიღებული საიდუმლო რეჟიმის დოკუმენტებთან განსაკუთრებული და შეფასებითი მიდგომის წესი. ასევე გათვალისწინებული იქნა, რომ იმ საგამოძიებო მიმართულებებით, რომლებშიც მომჩივანი მხარის ჩართულობა შეზღუდა საიდუმლო მასალების დაგვიანებით გაცნობამ, საგამოძიებო ორგანოს ჩატარებული ჰქონდა უამრავი სხვა მოქმედება და მიიღო გონივრული ზომები საქმეზე არსებითი მნიშვნელობის გარემოებების დასადგენად. საბოლოოდ, საქმის საიდუმლო მასალებს და მასში არსებულ ინფორმაციას მომჩივანი მხარე გაეცნო. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მინიშნება, რომელიც აფიქრებინებდა გამოძიებას, რომ მათი დაგვიანებით გაცნობა არის დანაშაულებრივი ქმედების შედეგი.

 

შესაბამისად სამსახურს მიაჩნია, რომ ვინაიდან ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევები არ არის იმ ხასიათის, რომელიც გამოძიების განახლების საფუძველი გახდებოდა და აღნიშნული ხარვეზების/დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია, თუნდაც ახალი გამოძიების პირობებში, ხელახალი გამოძიების ჩატარება ვერ იქნება გონივრული და მიზანშეწონილი.

 

როგორც მაჩალიკაშვილის, ასევე ოჩიგავას საქმეებთან დაკავშირებით სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაეგზავნება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და განმცხადებლებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები