ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობა ოფიციალურად დაფუძნდა. განცხადება სიმბოლურად რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მეგობრებმა – “რა, სად, როდის” კლუბის წევრებმა გააკეთეს.
“დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს ევროპული მომავალი სასწორზე დევს ის მომავალი, რომელზედაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რისთვისაც ოცნებობდა უამრავი ადამიანი და რისთვისაც დღეს, ჩვენი გმირები უკრაინაში იბრძვიან, საფრთხეშია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე, სრულიად ნათელია, რომ თავისუფალი, კრიტიკულ მედია უაღრესად დიდ როლს თამაშობს. ევროკავშირის 12 პირობიდან, ერთ-ერთი ზუსტად თავისუფალ მედიას ეხება.
კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით, ხელისუფლებამ ქვეყნის ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და ცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ნიკა გვარამიას თავისუფლებაზეც გადის. ამიტომაც, ნიკას მეგობრებმა “რა, სად, როდის” თამაშიდან და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრობა, რომლის მთავარი მიზანი იქნება ნიკა გვარამიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან და ეს ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით იქნება შესაძლებელი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მუდმივად იყოს დღის წესრიგში და ჩვენი პარტნიორები მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას მაღალი ტრიბუნებიდან, რომ თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის დამფუძნებლების, მედიამენეჯერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ინტენსიური ორმხრივი ზეწოლა აიძულებს ხელისუფლებას ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს, გაათავისუფლოს მთავარი არხის დამფუძნებელი და შეუნარჩუნოს ქვეყანას შანსი გახდეს დემოკრატიული, განვითარებული, პროგრესული და რაც მთავარია, ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
და ბოლოს, რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ისმოდეს უამრავი ადამიანის ხმა. შესაბამისად, მოგმართავთ თითოეულ თქვენთაგანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ, როგორ ქვეყანაში იცხოვრებენ თქვენი შვილები, შემოუერთდით ამ მოძრაობას და ვისაც მიგაჩნიათ, რომ ადამიანი კრიტიკული აზრის გამოთქმის გამო, აბსურდული ბრალდებით ციხეში არ უნდა იჯდეს, აუცილებლად ყველა თქვენთაგანის მხრიდან არის მოქმედების დრო. ვინაიდან, ევროპული მომავლისკენ გზა ყველა ჩვენთაგანისთვის, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის არის გასავლელი გზა”, – აღნიშნულია მიმართვაში, რომელიც ბაჩანა შენგელიამ წაიკითხა.