15 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი და მისი თანმხლები პირები მიიღო. აღსანიშნავია, რომ დელეგაციის შემადგენლობაში არიან ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერებიც, – ინფორმაციას საპატრიაქო ავრცელებს.
“არქიმანდრიტმა ეფრემმა მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა ქართველი ბერების მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატის, – ,,მანუგეშებლის“ ზუსტი ასლი, რომელიც მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანდება.
მამა ეფრემმა განაცხადა ისიც, რომ ასრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდი ხნის სურვილი და ათონის მთაზე წირვა-ლოცვა უკვე ქართულადაც აღესრულება.
მისმა უწმინდესობამ სტუმარს საქართველოს ეკლესიისა და ქართველებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობისთვის მადლობა გადაუხადა, დალოცა იგი და ღვთის სადიდებლად კვლავაც ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.