ნატოს თავდაცვის მინისტრები, სავარაუდოდ, ხვალ, 14 ივნისს, უკრაინის სამხედრო დახმარებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მომზადების კოორდინაციის ინიციატივაზე შეთანხმდებიან, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
“მოველით, რომ ხვალ მინისტრები შეთანხმდებიან ნატოს გეგმაზე უსაფრთხოებისა და სასწავლო დახმარების კოორდინაციის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ნატოს მხარდაჭერა იქნება უფრო მყარი და ასევე უფრო პროგნოზირებადი”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, მან ასევე შესთავაზა ნატოს ქვეყნებმა ყოველწლიურად 40 მილიარდი ევრო გამოყონ უკრაინის დასახმარებლად.
“ჩვენ უნდა შევთანხმდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში 40 მილიარდ დოლარზე, შემდეგ კი უკრაინას ექნება პროგნოზირებადი მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩემი წინადადება არის მინიმუმ 40 მილიარდი წელიწადში და მშპ-ის გამოყენება დატვირთვის გასანაწილებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან განმარტა, რომ ასეთი ინიციატივის ფარგლებში საუბარია მხოლოდ სამხედრო დახმარებაზე.
ახლა უკრაინის სამხედრო დახმარებას კოორდინაციას ამერიკის შეერთებული შტატები უწევს, მაგრამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მისი ნატოს კონტროლის ქვეშ გადატანა სურთ.
ასევე იგეგმება, რომ ნატო გააკონტროლებს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს (რამშტაინის ფორმატი).
ამ გზით შესაძლებელი იქნება საფრთხის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი გახდება შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი, რომელიც უარს ამბობს უკრაინის დახმარებაზე.