spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – ნატო ხედავს, რომ რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის, პუტინს მიზნები არ შეუცვლია

ნატო ვერ ხედავს რაიმე ნიშნებს, რომ კრემლის მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა შეცვალა თავისი მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში. პირიქით, რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

“დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ეს არის პუტინის მიერ პროვოცირებული აგრესიული ომი. მან გადაწყვიტა შეჭრა სხვა ქვეყანაში, სუვერენულ დემოკრატიულ სახელმწიფოში ევროპაში და შეუძლია დღეს დაასრულოს ომი, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ ის და მოსკოვის ხელისუფლება ემზადებიან მშვიდობისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის სრულიად საპირისპირო ქმედება ჩანს.

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ემზადებიან ახალი შეტევისთვის, რომ ხდება უფრო მეტი ჯარისკაცის მობილიზაცია, საუბარია 200 000-ზე მეტ ადამიანზე, შესაძლოა, უფრო მეტზეც. ისინი აქტიურად აგროვებენ იარაღსა და საბრძოლო მასალას”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

 

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგროვებს თავის არსენალს სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების მხარდაჭერის წყალობით, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

 

“და რაც მთავარია, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეცვალა თავისი საერთო მიზანი ამ შეჭრის, ეს არის მეზობლის კონტროლი, უკრაინის კონტროლი. ასე რომ, სანამ ეს ასეა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, ამ ომში პუტინის გამარჯვება დაუშვებელია, რადგან ეს იქნება ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ საშიში მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის.

 

“ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. მივესალმები ნატო-ს მოკავშირეების, პარტნიორების და კორეის რესპუბლიკის მხარდაჭერას, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, “ეს ომი მოლაპარაკების მაგიდასთან რაღაც ეტაპზე დასრულდება“.

 

“რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ის, რაც ხდება ამ მაგიდის გარშემო, განუყოფლად არის დაკავშირებული და მთლიანად არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. ამიტომ, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში, ჩვენ მას უნდა დავუჭიროთ მხარი. სანამ პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია ბრძოლის ველზე გამარჯვება, ის არ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. პარადოქსი ის არის, რომ რეალურად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა საუკეთესო გზაა ომის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის მისაღწევად”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები