ნატოს წევრები გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის მანდატის კიდევ ერთი წლით, 2024 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამ გადაწყვეტილებას ნატოს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ვილნიუსის სამიტზე დაამტკიცებენ.
“პატივია ნატოს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოკავშირეებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ მდივანს მისი ლიდერობისა და ვალდებულებისთვის, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ტრანსატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნებაში უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე.
სტოლტენბერგი ნატოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს. მისი უფლებამოსილება 2022 წლის 30 სექტემბერს იწურებოდა, მაგრამ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ერთი წლით გაგრძელდა.
თებერვალში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას. მაგრამ ნატოს წევრებმა სთხოვეს მას დათანხმებულიყო მას შემდეგ, რაც ვერ მიაღწიეს კონსენსუსს შემცვლელზე.
სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს.