"ქვეყნის მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი, ეს არის უალტერნატივო მიზანი, რაც თითოეული ადამიანის უკეთესი ცხოვრების პირობებს და უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიას ნიშნავს. აქამდე მისასვლელ გზაზეც, ცხოვრების პირობები და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებაა მთავარი საზრუნავი“ – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, სწორედ ევროპული ოჯახის წევრობაა ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია.
„ძალიან ხშირად გვისვამენ კითხვას, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რატომ ასეთი დონის კომპრომისები? ალბათ ეს უხერხულობა შეგქმნიათ ბოლო დღეების განმავლობაში. რატომ კრიმინალური წარსული და აწმყოს ადამიანების ასახვა შეთანხმების ტექსტში. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვაა. იმიტომ, რომ არ დავაზიანოთ ის მთავარი მიზანი, რომელზეც მე წეღან ვსაუბრობდი. საქართველო უნდა გახდეს ევროპის, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამ გზაზე სიარული მარტივი ნამდვილად არ არის და ეს ყველამ ვიცით. კომპრომისების გარეშე ეს არის წარმოუდგენელი. საერთოდ არავის ემახსოვრება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვინ რა დაგვაბრალა ან რამდენჯერ გადათქვეს თავისი ნათქვამი რომელიღაც პარტიის ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ლიდერებმა, კრიმინალმა ლიდერებმა. მაგრამ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს ისტორიის ყველაზე პოზიტიური ფურცელი იქნება. არსებობენ ამ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ამას ეროვნული ფასეულობების დაკნინებასაც კი უკავშირებენ ხოლმე და ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა. ისევე, როგორც დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით ასე მძლავრად არის ამ ქვეყანაში. თუმცა პირიქით, ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ევროპული ოჯახის წევრობაა ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნების და გადარჩენის ყველაზე მყარი გარანტია“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.