თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე და მეთერთმეტე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტები და კურსდამთავრებულები საპროტესტო აქციას მართავენ.
სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სწავლის შეჩერებისკენ და გაფიცვისკენ მოუწოდებენ.
უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩა რამდენიმე საათია გადაკეტილია. მოქალაქეების განცხადებით, პროფესორ-მასწავლებლები უნდა გაემიჯნონ მმართველი პარტიის განცხადებებს და შეუერთდნენ ახალგაზრდებს.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად, წინასაარჩევნოდ გაკრული „ქართული ოცნების“ პლაკატები ჩამოხიეს და დაწვეს.
სტუდენტების განცხადებით, მათი სამოქმედო გეგმაა დაელოდონ სხვა ახალგაზრდებს, მოაწყონ მსვლელობა, გადაკეტონ გზები და საბოლოო დანიშნულების ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი იქნება.
საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომ საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.