პოეტი ტარიელ ხარხელაური მწერალთა ეროვნული აკადემიის სახელით თეა წულუკიანისადმი გავრცელებულ მიმართვას ემიჯნება.
“რა ძალიან გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს…“
ძალიან ვწუხვარ… დიდი გულისტკივილით, მაგრამ მაინც საყვედურის თქმა მომიწევს ჩემი მეგობრებისთვის, ჩემთვის მეტად ღირებულ და უაღრესად პატივსაცემი ადამიანებისთვის, რომელთა ხელმოწერებთან ერთად ჩემი ხელმოწერაც გაჩნდა ,,საერთო გაზეთში,, გამოქვეყნებულ წერილზე…
მაგრამ განა ვინმე დაიჯერებს, რომ ტარიელ ხარხელაური, რომელმაც შვილის მკვლელის შეძულებაც ვერ შეძლო, ასეთ წერილზე ხელს მოაწერდა?!
არა, ბატონებო! – ცდებით… ასე არ მიცხოვრია, ეს არაა ჩემი ცხოვრების წესი. ჩემთვის ზიზღისა და სიძულვილის ენა მიუღებელი იყო წარსულში, მიუღებელია ახლა, მიუღებელი იქნება მომავალში, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია,რომ მწერლის მოვალეობაა იყოს შუამავალი უფალსა და საზოგადოებას შორის, და ამ სიყვარულით ნაკლულ წუთისოფელში, ერთმანეთთან თანაცხოვრების აუცილებლობაზე სიყვარულის ენით ისაუბროს. ამ წერილში კი, ჩემდა გასკვირად, ამას ვერ ვხედავ, ღვარძლიანი ენა, როგორადაც არ უნდა სამართლიანად მოგვეჩვენოს, ვერ იქნება და არც გამოდგება საზოგადოების შემკვრელად და გამაერთიანებლად…
აი, კიდევ ერთი და ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ მოაწერდა ტარიელ ხარხელაური ხელს ამ წერილს…
2013 წელს, 26 მაისს, სწორედ ერთმანეთის გაუცხოებამ, ერთმანეთის მიუღებლობამ გამაკეთებინა განცხადება მწერალთა კავშირის დატოვების შესახებ…
იქ, სადაც სიყვარული უხერხემლოა, ჩემი ადგილი არაა და არც არასოდეს იქნება. ამის უფლებას ის სიყვარული არ მაძლევს, რაც ჩემმა ხალხმა წუთისოფლის საგზლად დამიწესა”, – წერს ტარიელ ხარხელაური.
წულუკიანისადმი მიმართვას ამ დროისთვის გაემიჯნენ – ლერი ალიმონაკი, ჯუბა ღებელი, ვანო ჩხიკვაძე და ელდინო საღარაძე.
“ქალბატონო თეა! იცით თუ არა თქვენ, ვინ არიან მწერალთა სახლის ახლანდელი ბინადარნი? – სააკაშვილის ბორდი, გუგულის ბუდეში ჩასხმული ყვავის წიწილები… რა დრო დადგა ისეთი, ქალბატონო თეა, რომ მწერალთა ისტორიულ (სარაჯიშვილისეულ) სახლში შეჭრილი მედროვე-მოროდიორები ვერ გავიყვანეთ?! ახლა აქ ტიციანის, გალაკტიონის, გამსახურდიას, პაოლო იაშვილის, ლეონიძის, დუმბაძის და სხვა გენიალურ მწერალთა და მწიგნობართა ბრწყინვალე ტაძარში, ეს ქაჯები „ბაირამობენ“… ვინ განდევნეს ამ სააკაშვილის შემოყვანილმა ახალმა მასონურ-იეღოვურმა ლენინელმა პროლეტკულტელებმა?.. ლიბერასტების ეს კასტა და „კლასტერი“ კი მერე მოჰყვა სააკაშვილის ხროვას და მოიტანა ის ლენინურ-ბოლშევიკური (ლიბერასტური) ზნენი და თვისებანი, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ პატრიოტი, უნიჭიერესი ქართველი მწერლები.
ქალბატონო თეა, მაჩაბლის 13 ნომერი ჩვენთვის არის წართმეული და კულტურის სამინისტროს ეკუთვნის. ეს სახლი არ არის, მაგალითად, „სიპის“ კუთვნილება… ამავე დროს, მწერალთა სახლში შეყვანილი „ხლისტები“, თქვენივე დაფინანსებული კონკურსის ჟიურიში ერთი წევრის შეყვანის ნებასაც კი არ გაძლევენ, უტიფარ განგაშს ტეხენ!..
გაიყვანეთ ეს “ბორდი” თუ “ბორდელი” აქედან და აღადგინეთ სამართლიანობა!
“ქართულმა ოცნებამ” უნდა შეძლოს ქართული მწერლობის ისტორიული ღირსების და უფლების აღდგენა, ჩარეცხილი ინტელიგენციის რეაბილიტაცია…
კატეგორიულად მოვითხოვთ: გააუქმოთ მწერალთა სახლის ახლანდელ ბინადართა სააკაშვილის ბოძებული პრიორიტეტები და ეს სახლი დაუბრუნდეს ჭეშმარიტ მწერლობას (პატრონს)! დაუბრუნეთ ოფისები ქუჩაში დარჩენილ აკადემიას და კავშირს”, – აღნიშნულია წერილში, რომელიც “მწერალთა აკადემიის” წევრების სახელით 5 აგვისტოს გავრცელდა.