მოვუწოდებთ შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და გაემიჯნონ უკანონო პარტიული დავალებების შესრულებას, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ტატა ხვედელიანმა საჯარო მოხელეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, დღემდე საქართველოს მასშტაბით ასზე მეტი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული.
“გუშინ ე.წ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმების შესახებ კანონი. ბიუროს ფუნქციებში შედიოდა საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკის შესწავლა, მოხელეთა ანაზღაურების ერთიანი სისტემის შექმნა, განვითარების ერთიანი სტანდარტის შემუშავება. ბიუროს შექმნა და განვითარება ვიზალიბერალიზაციის პროცესში ერთ-ერთი ნაკისრი ვალდებულება იყო. საჯარო სამსახურის ბიუროში დასაქმებულებისთვის ანაზღაურდება მხოლოდ 1 თვის კომპენსაცია, 3 თვის კომპენსაციის ნაცვლად.
იუსტიციის სახლებიდან საპროტესტო პეტიციას ყველაზე მეტმა, 600-მდე თანამშრომელმა მოაწერა ხელი, რომელთა რეპრესიები ახალი წლის დღეებიდან დაიწყო. დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ იურიდიული, აუდიტის და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტების უფროსები და მოადგილეები, ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების მენეჯერები. ბოლო დღეებში უკანონო გათავისუფლებები დაიწყო იუსტიციის სახლების მომსახურების წინა ხაზის ოპერატორებშიც, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს მომსახურების ხარისხზე.
ამ პერიოდში ივანიშვილის რეჟიმმა გააუქმა პარლამენტის კვლევითი ცენტრი და ამით კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო პროცესის გარეშე დატოვა საკანონმდებლო ორგანო.
თბილისის მერიაში პირველი თებერვლიდან დაწყებულია რეორგანიზაცია, უკანონოდ ხდება პროფესიონალი და მრავალ წლიანი გამოცდილების მქონე საჯარო მოხელეები დევნა, მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო. გარდა ამისა მიმდინარეობს მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამდენიმემ ვერ გაუძლო ზეწოლას და გაიტანა საპროტესტო პეტიციიდან საკუთარი ხელმოწერა.
რეგიონებში უკანონო გათავისუფლებები მიმდინარეობს ერთი და იგივე ოჯახების სხვადასხვა წევრებზე: სამოქალაქო აქტივისტი და ცოდნის კაფეს დამფუძნებელი ქეთი მოლაშვილის მამა მალხაზ მოლაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს და დედა მანანა ჯავაშვილი, რომელიც მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. ორივე პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ხაზგასასმელია ის, რომ სიღნაღში ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რომელიც 2004-2007 წლებში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის პირობებში იკავებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოზიციას.
ჩვენი პარტიის შიდა ქართლის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის თათია ბროლაძის ბებია, იზაბელა კობიაშვილი 60 წლიანი მუშაობის შემდეგ გათავისუფლდა კასპის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო გაერთიანების კურატორ-სპეციალისტის თანამდებობიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საკუთარი ძმის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო გათავისუფლდა ბახვა შაიშმელაშვილი.
ასევე, ლაგოდეხში ომარ მირზოშვილი მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლდა საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების გამო.
საჯარო სამსახურში დაწყებული რეპრესიების შედეგად დღემდე საქართველოს მასშტაბით ასზე მეტი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული.
მოვუწოდებთ შესაბამისი დაწესებულებების ხელმძღვანელებს, დაუბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებსა და გაემიჯნონ უკანონო პარტიული დავალებების შესრულებას, სამართლიანი სასამართლოს პირობებში მათ აუცილებლად მოუწევთ მსგავს უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება.
ასევე, მე როგორც ყოფილმა საჯარო მოხელემ მინდა მოგმართოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს თითოეული თქვენგანის ინტერესების დასაცავად.
დაგვიკავშირდით ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში, რათა დავიცვათ თქვენი ინტერესები და თქვენი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცვლილება გარდაუვალია ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის კი ზეპარტიული თემაა შევქმნათ პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორი და ყველა უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელე დაუბრუნდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებას”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.