თბილისის მერიის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრება იწყება.
სამუშაოებს, რომელიც 28 მარტიდან დაიწყება და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის მიხედვით, კლდის გაწმენდის სამუშაოები ჩატარდება და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადე მოეწყობა.
პროექტის ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 00:00-დან 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს, რა დროსაც ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება დღის საათებს, ტერიტორიაზე დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა და მძღოლები მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილდებიან.