ჭიათურაში, ზედა რგანის (ე.წ. “მშვიდობის”) მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.
აღდგენილი საბაგირო დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
1966 წელს ინჟინერ-კონსტრუქტორის გიორგი ფანცულაიას თაოსნობით აშენებულ უნიკალურ სახალხო-სამგზავრო ბაგირგზას კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად ავთენტურობა შეინარჩუნა. განახლდა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი – გონდოლები, მანქანა-დანადგარები და ბაგირები.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 600 000 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასევე მალე დასრულდება ჭიათურა-პერევისის (ე.წ. 25-ის) საბაგირო გზის რეაბილიტაცია. ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.
აღსანიშნავია, რომ რეაბილიტირებული საბაგიროს გახსნის ცერემონიას გიორგი ფანცულაიას გუნდის წევრი, მაშინდელი მთავარი ენერგეტიკოსი და პირველი მგზავრი შოთა ნიორაძე ესწრებოდა.