იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველოდებით იმ დროს, როცა გაუმჯობესდება ეს ურთიერთობები, – ამის შესახებ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა განაცხადა.
“ეს გახლავთ ორპარტიული ვიზიტი შეშფოთებებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენ გვაქვს. სამუშაო, რომელიც ჩვენ აქ გავწიეთ, იღებს მხარდაჭერას როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში და ორივე პარტიაში. წარმოვადგენთ ამერიკის კონგრესს, რათა ხაზი გავუსვათ ჩვენს ერთგულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი, ხელი შევუწყოთ მათ დემოკრატიული ინსტიტუციების აგებაში, რათა უზრუნველყონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ბევრს ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად. სამყაროში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, რომლებიც დემოკრატიას რისკის ქვეშ აყენებენ. ეს ვიხილეთ ასევე რუსეთის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ამერიკას სურს, მართლაც იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამისთვის გვაქვს ზუსტად პარტნიორობა. გვაღელვებს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. ამისთვისაც ვართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი წუხილი, ასევე, შევთავაზოთ ჩვენი ერთგულება, მხარდაჭერა, რომ გაძლიერდეს და გაგრძელდეს მყარი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკას შორის. იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა ამერიკასა და საქართველოს შორის და ველოდებით იმ დროს, როცა გაუმჯობესდება ეს ურთიერთობები“, – განაცხადა მაიკ ტერნერმა.
ამასთან, მაიკ ტერნერმა კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ „შეხვედრების დროს არ ყოფილა რაიმე მინიშნება, მტკიცებულება ურთიერთობების გადატვირთვის ძალისხმევის შესახებ, არ გამოხატულა რაიმე ნაბიჯები პრემიერ-მინისტრის მხრიდან, როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი“.
“არ გაჟღერებულა ასევე პოლიტიკაც, რომელიც მიუთითებდა გადატვირთვაზე. ჩვენ გვსურს, ხაზი გავუსვათ მტკიცე ურთიერთობას ამერიკასა და საქართველოს შორის, საქართველოს დემოკრატიული პროცესების მიმართ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერას, რაც სურს საქართველოს მოქალაქეებს. მივესალმებოდით ნამდვილად ჩვენი ძალისხმევის დაფასებას, თუნდაც აქ ჩამოსვლას, რომ დიალოგი დაწყებულიყო“, – განაცხადა მაიკ ტერნერმა.