„ქართულ ოცნებაში“ შავ დღეში არიან, აირივნენ და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, თვითონაც არ სჯერათ, – ამის შესახებ Front News-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავისი განცხადებებით ცდილობს ის სასოწარკვეთილება გადაფაროს, რაც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელ მარცხთან.
„ჩემი ინფორმაციით, შავ დღეში ჩავარდნენ „ქართულ ოცნებაში“. რუსეთი აგებს ომს, ოლიგარქისათვის სანქციების დაწესებაზე საუბარი რეალურია, ესენი კი ამბობენ, რომ ფარულ ჩანაწერში არაფერი „ისეთი“ არ არის, მაგრამ როგორ არ არის… რუსეთი როგორც კი დამარცხდება, მასთან ერთად დამარცხდება რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება. ელემენტარულად ეშინიათ, უჭირთ და ამიტომ აირივნენ, თორემ იმ სისულელის, რომ აქ რომ სააკაშვილი ყოფილიყო, თბილისში ტანკებს შემოიყვანდა, თვითონაც არ სჯერათ. ამიტომ მე მათ განცხადებებს დიდად ყურადღებას არ ვაქცევ, უბრალოდ, ვაკვირდები მათ მოძრაობებს და წინასწარ ვეუბნები, სწორი ნაბიჯები გადადგან, თორემ დამარცხებულს შემდეგ უფრო მეტად არ პატიობენ რამეს“,- განაცხადა ჩარკვიანმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლას გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად გეგმავდა, რის შემდეგ თბილისში რუსულ ტანკებს შემოიყვანდა.