spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თამარ ჩერგოლეიშვილი – ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 31 მარტის აქციის დღის წესრიგში იყოს არა ის, რაც გვყოფს, არამედ ის, რაც გვაერთიანებს

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი 31 მარტის აქციასთან დაკავშირებით პარტიის ხედვას აქვეყნებს.

ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიაზროს, რომ მიმდინარე პროტესტით სწორედ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვიცავთ და თუ რამხელა მონაპოვარს შეუქმნა საფრთხე “ქართულმა ოცნებამ” 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

“პოლიტიკური პარტიების და „სტრატკომების“ ნაწილი ვერაფერს სწავლობს და ვერაფერს ივიწყებს, 31 მარტი ახლოვდება, ამიტომ საჭიროდ მივიჩნევ შემდეგის თქმას:

31 მარტი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ძვირფასი და ამაღელვებელი დღეა.

გუშინდელივით მახსოვს ის განწყობა, რაც ჩემს მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს ჰქონდათ, როდესაც ამ დიდებულ და ისტორიულ აქტში მიიღეს მონაწილეობა.

გიგას კიდევ უფრო ამაღელვებლად ახსოვს – 1991 წელს ის უკვე პოლიტიკურად ძალიან აქტიური სტუდენტი იყო და ზვიად გამსახურდიას, ქვეყნის მაშინდელი ლიდერის მიმართ კრიტიკული განწყობით გამოირჩეოდა.

ხშირად იხსენებს ხოლმე, რომ პოლიტიკური ლიდერშიფის ხედვასთან ძალიან მწვავე დაპირისპირებების მიუხედავად, ეს დღე, არჩევნებში კომუნისტების დამარცხებასთან ერთად, გამსახურდიას ხელისუფლების ისტორიული მიღწევაა.

გიგას თქმით, იმ დღეს საოცარი ერთსულოვნება სუფევდა – თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული აქტივისტი, თითოეული აქტიური მოქალაქე, თავს რაღაც დიდის და დიდებულის ნაწილად გრძნობდა. 1991 წლის 31 მარტი ყველაზე დიდი ეროვნული ზეიმი იყო – მე საზეიმოდ გარეთ არ გავსულვარ, მაგრამ გიგასი მჯერა – წარმოიდგინეთ, ფეხბურთის ეროვნული გუნდი ეყოლებოდა საქართველოს, ჯერ მარტო ეს კრავდა მთელ ერს ავთენტურ მუშტად, რომელიც ბოროტების იმპერიას ჩაარტყა სახეში.

სწორედ იმიტომ, რომ ამ დღეზე ბევრი გვისაუბრია, ძალიან, ძალიან გაგვიხარდა, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს დიდი აქციის ჩატარების სურვილი გამოთქვა – ვთვლიდით და ახლაც ვთვლით, რომ სიმბოლოებს მნიშვნელობა აქვს და 1991 წლის მარტის მნიშვნელობის მიმოხილვა და ამ საკითხზე კამპანია, თავისთავად დაგვეხმარებოდა იმის გააზრებაში, თუ რამხელა დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარი თქვა – 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ივანიშვილის რეჟიმმა რეალურად საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე თქვა უარი, იმიტომ რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარეშე, საქართველოს სუვერენიტეტი ვერ გადარჩება – ამის მტკიცებულება ჩვენი ისტორია, რომელიც შეიძლება ვიცით, მაგრამ თანამედროვე კონტექსტში არ გვაქვს საკმარისად გააზრებული და ამის გამოსწორება ძალიან მნიშვნელოვანი გვგონია.

ჩვენ, ფედერალისტებს, ძალიან გვინდა რომ ყველა ქართველს, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გულშემატკივრობთ, მიუხედავად იმისა, ჩვენ გძულვართ, თუ გიყვარვართ, გვეთანხმებით, თუ არ გვეთანხმებით ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, დაგანახოთ რამხელა მონაპოვარს შეუქმნა საფრთხე ქართულმა ოცნებამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით.

დაგანახოთ რომ ოცნების მიერ შექმნილი საფრთხე, რეალური და დიდია – რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს სუვერენიტეტს აკარგინებს და ქარს ატანს იმას, რაც ქარის მოტანილი კი არა, ქართველი ხალხის ბრძოლის, შრომის, ცრემლების და სისხლის შედეგია – და ამის მტკიცებულება ჩვენი ისტორიაა.

დაგანახოთ, რომ მიმდინარე პროტესტით სწორედ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ვიცავთ, ეს ჩვენი წინაპრების ბრძოლის გაგრძელებაა და ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ!

ჩვენ გვჯერა, რომ თუ ქართველები დარწმუნდებიან, რომ საფრთხე რეალურია – ისეთივე ერთსულოვნები იქნებიან საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში, როგორც 34 წლის წინ იყვნენ და ამ ერთსულოვნებით გავალთ სამშვიდობოს.

(არა ერთიანი სიით, ერთი ბელადით, ან ერთი თავით – ე რ თ ს უ ლ ო ვ ნ ე ბ ი თ!)

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ფედერალისტებს ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 31 მარტის აქციის დღის წესრიგში იყოს არა ის, რაც გვყოფს, არამედ ის, რაც გვაერთიანებს.

რა გვაერთიანებს? ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი ისტორია, რომელიც კარგად არ ვიცით.

ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია ამ აქციაზე ისტორიის გახსენება (დიდებულ არქივთან ვმუშაობთ და 31 მარტს შემოგთავაზებთ დოკუმენტურად) – ეს ის ისტორიაა, რომელიც მთელ საქართველოს აერთიანებს როგორც მოქალაქეობრივად – 90 პროცენტი მონაწილეობდა და 99 პროცენტმა დაუჭირა მხარი დამოუკიდებლობას, ისე ტერიტორიულად – აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა რეფერენდუმი და იქაც დიდი ანგარიშით გაიმარჯვა დამოუკიდებლობამ.

ამასთან, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პროცესს აკლია პოლიტიკური მდგენელი. ამიტომ სწორად მიგვაჩნია, რომ აქციას მიმართოს ამ ქვეყნის ბოლო ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა, საქართველოს პრეზიდენტმა და ისაუბროს იმ ფრთხილი ნაბიჯების შესახებ, რასაც პოლიტიკური პარტიები ვდგამთ კოორდინაციისკენ, იმ ამოცანით რომ პროტესტის მიზნებს – მთავრობის გადადგომას, ახალ, თავისუფალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას მივაღწიოთ.

ეს არის ის, რაც ჩვენი ხედვით ამ ტიპის აქციისთვის შესაფერისია.

ანუ ვეთანხმებით, რომ აქციაზე

ა) გავიხსენოთ ჩვენი ისტორია

ბ) აქციას სიტყვით მიმართოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და მოახსენოს იმ მოკრძალებული, ვიმეორებ! – მოკრძალებული ნაბიჯების და გეგმების შესახებ, რასაც პოლიტიკურმა პარტიებმა კოორდინაციის მიმართულებით მივაღწიეთ.

კატეგორიულად არ ვეთანხმებით:

1. პოლიტიკური პარტიების სცენაზე ასვლას, ან სხვაგვარად ფოკუსში მოქცევას (ჩვენით, თუ ჩვენ გარეშე) – ძალიან მყარად გვჯერა, რომ არც პოლიტიკური სპექტრი და არც პროტესტი არაა მზად იმისთვის, რომ ეს მოხდეს და ფალშსტარტი ამ კრიტიკულ ფაზაში კატასტროფად შეიძლება იქცეს.

2. მოლოდინების შექმნას, თითქოს რაღაც გრანდიოზული, ან გადამწყვეტი ანონსდება – ასეთი მოლოდინების შექმნა საზოგადოებისთვის დიდი უპასუხისმგებლობაა.

ესაა ჩვენი მყარი პოზიცია და ეს პოზიცია არ შეიცვლება – დანარჩენს, მოვლენების განვითარების მიხედვით მოგახსენებთ”, – აღნიშნავს ჩერგოლეიშვილი facebook- პოსტში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები