პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პარტია და თავისუფლების ინსტიტუტი, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადასცემენ ივანიშვილის რეჟიმის მსახურთა სიას, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიული ღონისძიებების აღსრულებაში არიან ჩართული.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, სიაში უკვე შეყვანილია 100-ზე მეტი ადამიანი.
“ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მოვაგროვეთ 57 მსხვერპლის საქმეში ჩართული 22 მოსამართლის, 14 პროკურორის და 11 პოლიციელის შესახებ ინფორმაცია. ესენი არიან ადამიანები, თანამდებობის პირები, რიგითები, რომლებიც ასრულებენ რეჟიმის უკანონო დავალებებს და სისტემატურად არღვევენ პროტესტის მონაწილეების უფლებებს მათი დაკავებისას თუ ჩხრეკისას და დღეს ჩვენ ვაწვდით ამ მონაცემებს. ჯამში 100-ზე მეტი ადამიანია.
მონაცემების შეგროვება გრძელდება. თავისუფლების ინსტიტუტი და ფედერალისტები მოვუწოდებთ ყველას, ვისი უფლებაც დაირღვა, მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ პროკურორების, გამომძიებლების, მოსამართლეების და რიგითი პოლიციელების შესახებ, რომლებიც მათი დაკავებისას, ჩხრეკისას მათ უფლებებს არღვევდნენ. ერთადერთი პროპორციული ძალა, რაც შეგვიძლია ჩვენ რეჟიმის ცვლილებამდე, მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, არის ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ მათ დაუწესდეს შეზღუდვები, როგორც სავიზო, ისე ფინანსური შეზღუდვები და ამოცანა არის, რომ დავიცვათ პროტესტი იმიტომ, რომ პროტესტი არის ის, რაც ქმნის კრიზისის განცდას ამ ქვეყანაში და ის უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ დემოკრატიულ ცვლილებებს მივაღწიოთ”, – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი მოქალაქეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
“სისხლის სამართლის საქმეები მეტ-ნაკლებად დოკუმენტირებულია, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ საქმეებს, ასეთი 100-ით შემთხვევაა და მოგიწოდებთ ყველას, ვისაც შეგეხოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა, მოგვაწოდოთ თქვენს საქმეში არსებული დოკუმენტები, ან მიაწოდოთ სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე აგროვებენ მასალას.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თქვენ მოგეპოვებათ ინფორმაცია ძალადობაში ჩართული პოლიციელების შესახებ და გაქვთ მაიდენფიცირებადი დოკუმენტი, გთხოვთ მოგვაწოდეთ”, – განაცხადა სალომე ხვადაგიანმა.