გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტლის ოპერირება დაგვეწყო. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება 2-3 დღეზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.
“საუბარია დიღმის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად დროებითი დაყოვნებისთვის არის. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ, სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადამისამართება. ვფიქრობთ, 2-3 დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება. შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, სადაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო პირობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.