საქართველო არის ძალიან პრიორიტეტული საკითხი ევროკავშირისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, ურთულესი კრიზისებია გარშემო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი, ცალსახად, დღეს არ ამბობს, რომ ეს არჩევნები არის აუცილებლად გაყალბებული ან არ გაყალბებული, ცდილობს, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვოს და ამიტომ, გადაწყვეტილია, რომ ტექნიკური მისია ჩამოვა საქართველოში.
“დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კრება, რადგან ოთხი მთავარი საკითხი განიხილეს, მსოფლიოში ყველაზე ფოკუსირებული საკითხები ევროკავშირისთვის, ეს იყო: უკრაინა, ახლო აღმოსავლეთის ომი, ამერიკის ახალი არჩევნები და საქართველო. სხვა უამრავი მტკივნეული მოვლენა ხდება მსოფლიოში, მაგრამ საქართველო იყო გამოყოფილად უმთავრეს საკითხებში, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირდება. რა თქმა უნდა, იგივე დრო არ დაეთმო საქართველოს განხილვას, რაც დაეთმო ისეთ რთულ სიტუაციებს, რაც არის ახლო აღმოსავლეთში და უკრაინის სიტუაციაც, თუმცა საქართველოც ამ საკითხებს შორის იყო. საქართველო არის ძალიან პრიორიტეტული საკითხი ევროკავშირისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი, ურთულესი კრიზისებია გარშემო. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოიტანეს, რაც არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რადგან ევროკავშირი იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ევროკავშირი, ცალსახად, დღეს არ ამბობს, რომ ეს არჩევნები არის აუცილებლად გაყალბებული ან არ გაყალბებული, ცდილობს, რომ მეტი ინფორმაცია მოიპოვოს და ამიტომ, გადაწყვეტილია, რომ ტექნიკური მისია ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობიან ყველა იმ მტკიცებულებას, რაც მოპოვებულია“, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.