ჩვენ მიერ გამოვლინდა ამომრჩევლების აღრიცხვა უბნებზე და “ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან მობილიზებული უბნებთან და საარჩევნო სიები აქვთ იმისთვის, რომ მოახდინონ ამომრჩეველთა აღრიცხვა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მან ის საარჩევნო უბნები დაასახელა, სადაც მისი თქმით, დარღვევები ფიქსირდება.
“ძალიან მნიშვნელოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი გარდაბნის 51-ე უბანზე, ამ წუთში ჩვენ უკვე ვწერთ საჩივარს – აბელ მირზოევმა წაიღო გადასატანი საარჩევნო ყუთი და მას გაჰყვნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, არ გააყოლეს დამკვირვებლები, რაც სერიოზული დარღვევაა. სამგორის 38-ე უბანზე მარკირების სითხე არ არის საერთოდ და არ ხდება ამომრჩევლის მარკირება. გიორგი კალანდარიშვილს მოვუწოდებ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს სწორედ ამ უბანზე, ვინაიდან ეს არის უბანი, სადაც ჩასახლებული არიან სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლები. შესაძლოა, იქ მისული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები საღამოს სხვა უბანზე აღმოჩნდნენ სპეცსიაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს არც ერთ პოლიციელს, არც ერთ სამხედრო თანამშრომელს, იმიტომ, რომ ადამიანს აქვს ერთი ხმა და ეს ხმა კანონის დაცვით უნდა იქნეს მიცემული. ასევე, ჩვენ მიერ გამოვლინდა ამომრჩევლების აღრიცხვა უბნებზე და „ქართული ოცნების“ კოორდინატორები არიან მობილიზებული უბნებთან და საარჩევნო სიები აქვთ იმისთვის, რომ მოახდინონ ამომრჩეველთა აღრიცხვა. ეს არის ქუთაისის მე-7, 64-ე და მე-11 უბნები, ბათუმის მე-5 უბანი, ლაგოდეხში, ზუგდიდის მე-10 უბანი, მარტვილის მე-9 უბანი, ბოლნისის 51-ე და 52-ე უბნების მიმდებარედ, მარნეულის მე-3 და მე-5 უბნები, ისნის 30-ე უბანი. საინტერესო და ძალიან ყურადსაღები ფაქტია დარღვევა მარტვილში – კომისიის წევრებსა და კოორდინატორებს ბეიჯებში აქვთ საარჩევნო სიები და ამ ფორმით მალავენ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.