ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტსაც, რომლის თანახმადაც, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ემიგრანტების პრობლემებთან, მოგვარდება ამ ერთი დადგენილებით.
“უკანასკნელი ერთი კვირაა ვხედავთ, ცენტრალური საარჩევნო კომისია როგორ ქმნის ქაოსს იმისათვის, რომ ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას. ეს პრობლემური საკითხი განსაკუთრებით შეეხო დევნილებს, რომლებსაც გაურკვეველი მიზეზებით უუქმებენ საარჩევნო უფლებებს.
ამაზე პასუხისმგებელი ცალსახად ცესკოა. ამიტომ, კანონი საარჩევნო კოდექსის მე-14 მუხლის ქ ქვეპუნქტის თანახმად, პასუხისმგებელია, ერთიანი სიის ფორმირებისათვის მიიღოს დადგენილება სწორედ, ამ არჩევნებისთვის და იხელმძღვანელოს მე-14 მუხლის გ პუნქტით. გამონაკლის შემთხვევებში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება, დაარეგულიროს საკუთარი დადგენილებით.
ჩვენ ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტსაც, რომლის თანახმადაც, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა. ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული, თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ემიგრანტების პრობლემებთან, მოგვარდება ამ ერთი დადგენილებით. დამთავრდება ამაზე საუბარი. მთავარია, კანონიერი ვალდებულების შესრულების ნება გამოავლინოს ცესკომ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.