spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ცესკომ ვერ უზრუნველყო ფარული არჩევნების ჩატარება და ეს უწყება გველაპარაკება კანონის და პერსონალური მონაცემების დაცვაზე

ცესკოს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ  არჩევნები არ ჩატარებულა კანონიერად, ის ჩატარდა აბსოლუტური დარღვევებით და მისი შედეგები არის ყალბ მონაცემებზე დაყრდნობით გაყალბებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ფარული არჩევნების ჩატარება და ამით იმოქმედა ამომრჩევლის ნებაზე.

“ჩვენ გავაჟღერეთ ინიციატივა, რომლის თანახმადაც ვითხოვდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეექმნა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა, რომლითაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად საკუთარი პირადი მონაცემების შეყვანის შესაძლებლობა ექნებოდა შეემოწმებინა მისცა თუ არა ხმა და აისახა თუ არა ეს ხმა. ეს ზუსტად ისეთივე ბაზა უნდა იყოს, როგორიც არის ამომრჩეველთა ერთიანი სია, სადაც სამ მილიონზე მეტი ადამიანის პერსონალური მონაცემებია შეყვანილი, ხოლო ამ ბაზაში შესაყვანი იქნებოდა იმ ადამიანების პერსონალური მონაცემები, რომლებიც მივიდნენ არჩევნებზე. ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხი, რომელმაც გვიპასუხა, რომ თურმე ამ შემთხვევაში, როდესაც კანონის მოთხოვნების დაცვას ვითხოვთ, როდესაც ვითხოვთ, რომ არჩევნები უნდა დაუბრუნდეს ნდობა და ამის ერთადერთი გზა ქვეყნის შიგნით არის ის, რომ ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს სად მისცა და როგორ მისცა ხმა და თავად მისცა თუ არა ხმა, ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს ეწინააღმდეგება არჩევნების საერთაშორისო პრაქტიკას და შეიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების რისკებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ამას ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც უბრალოდ ვერ უზრუნველყო ისეთი ხარისხის საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა, რომელიც დაიცავდა ხმის მიცემის ფარულობას.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო ფარული არჩევნების ჩატარება და ამით იმოქმედა ამომრჩევლის ნებაზე და ეს ადამიანები და ეს უწყება გველაპარაკება ჩვენ კანონის დაცვასა და პერსონალური მონაცემების დაცვაზე. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სიებს, რომლებსაც დაატარებდნენ “ქართული ოცნების“ კოორდინატორები და ამ სიებზე არის ადამიანების პერსონალური მონაცემები დატანილი პირადი ნომრებთან ერთად. შესაბამისად, ვერავითარი არგუმენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიას ვერ ექნება ჩვენს მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენი წინადადება გულისხმობს ამომრჩევლის მიერ, ისევე როგორც ერთიან საარჩევნო სიაში ცესკოს საიტზე ახალ ბაზაში საკუთარი თავის გადამოწმებას ისე, რომ სხვა ამ პროცესში არ ჩაერევა, მაგრამ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნები არ ჩაუტარებია კანონიერად, ის ჩატარდა აბსოლუტური დარღვევებით და მისი შედეგები არის ყალბ მონაცემებზე დაყრდნობით გაყალბებული”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

“ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ისინი ითხოვდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეექმნა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზა, რომლითაც თითოეულ ამომრჩეველს ექნებოდა შესაძლებლობა გადაემოწმებინა აისახა თუ არა ეს ხმა, რის საპასუხოდაც ცესკომ გააკეთა განცხადება, რომ ასეთ ბაზას ვერ შექმნიან, რადგან ეს ეწინააღმდეგება არჩევნების საერთაშორისო პრაქტიკას და შეიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების რისკებს.

 

 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები