სახელმწიფო, ისევე როგორც ეკლესია, პასუხისმგებელია გელათზე. ვერც წინარე და ვერც შემდგომ პროცესებზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანი ვერ მოიხსნის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, თავად ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ გელათის საქმეზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ეკლესიას, ისე სახელმწიფოს.
“მე არ მაქვს იმედი, რომ გენერალური პროკურატურა თეა წულუკიანის წინააღმდეგ რამეს გააკეთებს, მაგრამ თეა წულუკიანს უნდა ახსოვდეს, რომ ის არის პასუხისმგებელი გელათთან დაკავშირებით, რაც არ უნდა იმუქრებოდეს, რომ ცილისწამებისთვის შეიტანს სარჩელს სასამართლოში.
ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ჩემს შეკითხვაზე, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთად არიან პასუხისმგებელი იმასთან დაკავშირებით, რაც ახლაც მიმდინარეობს გელათში.
როდესაც თეა წულუკიანი ატყუებს საზოგადოებას და ეუბნება, რომ მან მოიხსნა პასუხისმგებლობა და გადასცა ეკლესიას იმ საკონსტიტუციო ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის – პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთად.
სახელმწიფო, ისევე როგორც ეკლესია პასუხისმგებელია გელათზე, სახელმწიფოს კი ამ შემთხვევაში წარმოადგენს კულტურის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ვერც წინარე და ვერც შემდგომ პროცესებზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანი ვერ მოიხსნის”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გელათის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უკვე ხარვეზიანი რეაბილიტაციის კონსერვაციის სამუშაოები, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, 2021-2022 წლებში განხორციელდა, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.