გაერო-ში უნდა გაუქმდეს ვეტოს დადების უფლებების დელეგირება უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის და გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ყველა წევრი ქვეყნის უმრავლესობის მოსაზრებათა გათვალისწინებით!, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.
“შეგნებულად ვიკავებ თავს ქართველების მოძმე, მათ შორის ჩემთვისაც უსაყვარლეს უკრაინაში, ამჟამად მიმდინარე მოვლენების შეფასებებისაგან: თუ მამაკაცი ხარ და ასაკი გაძლევს ამის საშუალებას, უპრიანია უკრაინელებს გვერდში დაუდგე და იომო, თუ არადა, შორიდან “ჭკვიანური” რჩევებისაგან თავი უნდა შეიკავო და ჩუმად, გულწრფელად უნდა ილოცო ამ მამაცი ერის გამარჯვებისათვის!
ერთ გარემოებას მსურს ხაზი გავუსვა. გაერო დიდი ხანია ჩემში და არამარტო, პოზიტიურზე მეტად აშკარად გამაღიზიანებელ ასოციაციებს იწვევს. მისი გენერალური მდივნის გუტიერეშის ბოლო ვოიაჟის უსუსურობა გაკვირვებას იწვევს (რბილად, რომ ვთქვათ). საერთოდაც, როგორ ახერხებს ეს საერთაშორისო პოლიტიკური ორგანო თავის ხელმძღვანელად, ბოლო პერიოდში, ასეთი, ელემენტალური ქარიზმის არმქონე პიროვნებების არჩევას – ვინმემ ამიხსნას, რა უნდოდა ამ კაცს მოსკოვში?! ამის შემდეგ რა აზრი ჰქონდა მის ჩასვლას კიევში?!
გაერო-ში უნდა გაუქმდეს ვეტოს დადების უფლებების დელეგირება უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის და გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ყველა წევრი ქვეყნის უმრავლესობის მოსაზრებათა გათვალისწინებით! ამ საერთაშორისო წარმონაქმნის შენახვაზე აურაცხელი სახსრები იხარჯება და დღითიდღე ეჭვები იზრდება იმაზე, იხარჯება თუ არა ისინი მიზნობრივად და მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად!“, – წერს თამაზ ხუბუა.