აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს 13 ივლისს, პენსილვანიაში გამართულ აქციაზე ესროლეს. შედეგად ტრამპი დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეხვედრაზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
“გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დაადგინა, რომ 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი მონაწილეობდა ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ყველას, ვისაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია, მოვუწოდებთ დაეხმაროს გამოძიებას“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
“სიენენმა“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე ისროლა, განეიტრალებულია.
ასევე, მედიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი, რომელმაც 15 დოლარი შესწირა დემოკრატებთან დაკავშირებულ ჯგუფს.
მომხდარს მალევე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი.
“მსროლელის შესახებ, რომელიც ახლა გარდაცვლილია, ამ დროისთვის არაფერია ცნობილი. მე მესროლა ტყვია, რომელმაც მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გამიხვრიტა. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც არ იყო წესრიგში, როცა გავიგე ხმა, გასროლა და მაშინვე ვიგრძენი კანზე ტყვია. ბევრი სისხლი დავინახე, ამიტომ, მივხვდი, რაც ხდებოდა“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ტრამპის მთავარი ოპონენტია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ ინფორმირებულია მომხდარის შესახებ.
“მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ. მოხარული ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის, ყველასთვის, ვინც მიტინგზე იყო, რადგან ველოდებით დამატებით ინფორმაციას. ჯილი და მე მადლობელი ვართ საიდუმლო სამსახურის, რომ ტრამპი უსაფრთხოდ გადაიყვანეს. ამერიკაში ამ სახის ძალადობის ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, როგორც ერთი ერი, რათა დავგმოთ ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ტრამპზე თავდასხმა დაგმეს აშშ-ის მაღალჩინოსნებმა და მსოფლიო ლიდერებმა:
“მე ინფორმირებული ვარ პენსილვანიაში ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის ღონისძიებაზე სროლის შესახებ. ვლოცულობთ მისთვის, მისი ოჯახისა და ყველასთვის, ვინც დაშავდა და დაზარალდა ამ უაზრო სროლის შედეგად. ასეთ ძალადობას ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ აქვს. ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ეს ამაზრზენი ქმედება და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმისთვის, რომ მას არ მოჰყვეს მეტი ძალადობა”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა.
“შოკირებული და დამწუხრებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის ყრილობაზე სროლით და მადლობელი ვარ, რომ ის უსაფრთხოდაა. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ამერიკაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის და ის ყველამ უნდა დავგმოთ”, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
“მთელი თავდაცვის დეპარტამენტი გმობს ამ ძალადობას, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს ადგილი ჩვენს დემოკრატიაში. ეს არ არის გზა, რომლითაც ჩვენ ვაგვარებთ ჩვენს უთანხმოებებს ამერიკაში – და ეს არასოდეს უნდა იყოს. მე მშვიდად ვარ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის და მე ვლოცულობ მისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც დაზარალებულია ამ საშინელი ინციდენტით”, – წერს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.
“ჩვენს დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი აბსოლუტურად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, ყველამ ვიგრძენით შვება, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულად არ დაშავებულა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მომენტი იმისათვის, რომ ჩვენს პოლიტიკაში ცივილიზებულობა და პატივისცემა დაბრუნდეს. მე და მიშელი მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
“ძალადობას ამერიკაში ადგილი არ აქვს, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ პროცესში. მე და ჰილარი მადლობელი ვართ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდ არის, გული დამწყდა ყველაზე, ვინც დაზარალდა პენსილვანიის დღევანდელ მიტინგზე თავდასხმის შედეგად და მადლობელი ვართ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სწრაფი მოქმედებისთვის”, – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.
“შოკირებული ვარ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რომელსაც მე მკაცრად ვგმობ. კიდევ ერთხელ ვხედავთ პოლიტიკური წარმომადგენლების მიმართ მიუღებელი ძალადობის აქტებს“, – წერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.
“ძალიან შოკირებული ვარ სროლით, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო მიტინგის დროს მოხდა. დონალდ ტრამპს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებ უდანაშაულო მსხვერპლის ოჯახს. პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
“პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. მკაცრად ვგმობ თავდასხმას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
“შოკირებული ვარ პენსილვანიაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე მომხდარი საშინელი თავდასხმით. პოლიტიკური ძალადობა მიუღებელია და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი ფიქრები მასთან და მსხვერპლებთანაა”, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
“ჩემი ფიქრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაა. მკვლელობის მცდელობის მსხვერპლთან, რომელსაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ერთი აქტივისტი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ეს ტრაგედიაა ჩვენი დემოკრატიისთვის. საფრანგეთი იზიარებს ამერიკელი ხალხის შოკს და აღშფოთებას”, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
“ასეთ ძალადობას მსოფლიოში გამართლება და ადგილი არ აქვს. დონალდ ტრამპს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამძიმარს ვუცხადებ თავდასხმის მსხვერპლის ახლობლებს, აქციის მონაწილეს. ძალას ვუსურვებ ყველას, ვინც შეძრწუნებულია ამ მოვლენით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მომხდარს ასევე გამოეხმაურნენ – მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე
აშშ-ში ბოლოს საპრეზიდენტო კანდიდატთან ან აშშ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით ბოლოს მსგავსი შემთხვევა 40 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა.
1981 წლის 30 მარტს რეიგანს ექვსი ტყვია ესროლეს, რომელთაგან ერთი მაშინდელ პრეზიდენტს მკერდში მოხვდა, მაგრამ ის გადარჩა.
1968 წელს რობერტ კენედი მოკლეს, 1972 წელს კი აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის ჯორჯ უოლესის მკვლელობის მცდელობა იყო.