საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის და ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკ ილჰან ოკტენდურალს თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
“თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თურქეთის მტკიცე, თანმიმდევრული მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მეზობელი ქვეყნის უდიდეს წვლილზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, სამხედრო მრეწველობის მიმართულებით არსებული თანამშრომლობის საკითხები და 2024 წელს თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები მიმოიხილეს. თავდაცვის სამინისტროში თურქ დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.