სამოქალაქო აქტივისტებმა და პარტია “ხალხისათვის” წევრებმა თბილისის საკრებულოსთან აქცია გამართეს. ისინი გაზრდილი ტარიფების გასაპროტესტებლად საკრებულოს სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.
როგორც პარტია “ხალხისათვის” ლიდერმა ანა დოლიძემ ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს განუცხადა, შენობა საჯაროა და მოქალაქეებს საჯარო სხდომებზე დასწრების სრული უფლება აქვთ.
“მე მაქვს საშვი, ჩემზე საშვი არის დაშვებული, უნდა შემიშვათ, რა შუაშია შინაგან საქმეთა სამინისტრო? თქვენ უნდა დასდევდეთ დანაშაულს, დანაშაულის სტატისტიკა არის კატასტროფული ქვეყანაში”, – განუცხადა დოლიძემ სამართალდამცველებს.
მოძრაობა “შეცვალეს” წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, გაზრდილი გადასახადების მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობასდ.
“კახი კალაძე ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდეს თბილისელებზე, საკუთარ მოქალაქეებზე, მათ უძვირებს ტარიფებს, გადასახადებს ტრანსპორტზე, პარკირებაზე, დასუფთავებაზე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, დააწვება და კიდევ უ8ფრო მეტად გაუჭირდება თბილისელებს”, -განაცხადა ბიძინაშვილმა.
ხმაური და დაპირისპირება იყო საკრებულოს სხდომაზეც, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოში თბილისის მერის კახი კალაძის მისვლა მოითხოვეს.