მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია იმართება.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თბილისში და ბათუმშიც შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, მესამე პრეზიდენტი, რომელიც პუტინის პატიმარია, უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა მისი სიცოცხლე გადარჩეს.
ნიკა მელიას თქმით, ახლა მთავარია არსებული ხიდჩატეხილობა აღდგეს და ყველა გაერთიანდეს ერთი მოთხოვნით.
“ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია ჩატეხილი ხიდების მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა მოხდეს, რაც არ არის მარტივი პროცესი. ვფიქრობ, ახლა საზოგადოებაში არის მაღალი ხარისხის დაქსაქსულობა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებში. ის, რომ მსგავსი ტიპის აქციებზე შესაძლებელია, რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი მოვიდეს, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებიც იყვნენ ერთსულოვნები“, – განაცხადა მელიამ.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე გამოხატულია იმ ადამიანების წუხილი, რომელთაც არ სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი.
“აქ რამდენი ადამიანი შეიკრიბება, ამით ციხის კარი არ გაიღება, ეს ყველას კარგად გვესმის. ჩვენ გამოვხატავთ მილიონობით ნორმალური ადამიანის აზრს. იმ ადამიანების აღშფოთებას, რომელთაც არ უნდათ ადამიანის სიკვდილი“, – განაცხადა ბარამიძემ.