თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული საშობაო მსვლელობები გაიმართა.
თბილისში მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც შობის პარაკლისი აღესრულება.
ალილოს მონაწილეებს პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დახვდნენ და ნობათი გადასცეს.
ქუთაისში შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს. ბათუმში საშობაო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის ეზოდან დაიწყო. „ალილოს“ მონაწილეებმა საჩუქრები, ტკბილეული და ტანსაცმელი შეაგროვეს. ზუგდიდში „ალილოს“ მონაწილეებს მსვლელობაში შეუერთდნენ როგორც საჯარო მოხელეები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
საშობაო ალილო გაიმართა კახეთშიც. მსვლელობა სამების ტაძრიდან დაიწყო და ქრისტეს შობის მახარობლებმა მთელი ქალაქი ფეხით შემოიარეს.
გორში ალილოს მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ სასულიერო პირები, მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეგროვებული საჩუქრები და ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება.