თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეა დაფუძნდა. ასამბლეის წევრების განმარტებით, საზოგადოებას აქვს კრიზისის გადაჭრის პასუხისმგებლობა და ისტორია აჩვენებს, რომ ერთიანობით კრიზისის დაძლევა შესაძლებელია.
ყრილობაზე განიხილეს არსებული პოლიტიკური პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრის გზები, მექანიზმები, თუ როგორ უნდა დაუბრუნდეს ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას.
ინიციატივას მხარს უჭერს 20-ზე მეტი განსხვავებული ინტერესჯგუფი, რომელიც 3 000-ზე მეტ პირს აერთიანებს, მათ შორის ემიგრანტები არიან.
“დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოებას აქვს კრიზისის გადაჭრის პასუხისმგებლობა. ისტორია გვასწავლის, რომ ერთიანობით შეგვიძლია ცვლილებების მოტანა. 1917 წლის ეროვნული ყრილობის მსგავსად, საზოგადოებრივი ასამბლეა წარმოადგენს ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სივრცეს, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა:
ერთობლივად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;
მშვიდობიანი და სტრატეგიული გზით დაძლიონ მიმდინარე კრიზისი (წვლილი შეიტანოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში; მშვიდობიანი პროტესტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტასა და საპროტესტო აქციების დროს უსამართლოდ დაკავებულების განთავისუფლებაში);
შექმნან მექანიზმები, რომლებიც მომავალში მსგავსი კრიზისების თავიდან არიდებაში დაეხმარება ქვეყანას.
ამ მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივ ასამბლეას გააჩნია მოქმედი მექანიზმი – მოქალაქეებს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებით შეეძლებათ მნიშვნელოვანი საკითხების დამუშავება, განხილვა და თავიანთი ძალისხმევით საზოგადოებრივი ზეწოლის გაძლიერება”, – აცხადებენ დამფუძნებლები.