უნდა გვქონდეს რუკები, თუ რომელ სოფელში რა საფრთხეა. ეს არის ნებისმიერი კატასტროფის დროს საფრთხის და რისკის შეფასება მოსახლეობისთვის. ამის შემდეგაა ქმედება, რადგან კატასტროფის დროს ვერ რეაგირებ, მანამდე უნდა იყოს რეაგირება, – ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა წინასწარი მონიტორინგი მოსალოდნელ საფრთხესთან გასამკლავებლად.
“დიდთოვლობის შემდეგ ნიადაგში ჩაჟონვის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გაზაფხულზე იწყება წვიმები, მდინარეების ადიდება და უკვე ნიადაგიც მზად არის, რომ განვითარდეს წყალმოვარდნები, მეწყრული პროცესები და განსაკუთრებით გურიასა და აჭარაში. ჩვენ ახლა მთის ფერდის სტაბილურობაზე ვსაუბრობთ.
საჭიროა ორგანიზაციები, მეცნიერები, რომლებიც ასეთ დარგებში მუშაობენ. მთელი სისტემა არის, რომლის ფუნქციონირებაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. ამის შემდეგ აკეთებ პროგნოზს. მეწყერს იწვევს ჭარბი ნალექი.
რაც შეეხება პრევენციას, პირველ რიგში, უნდა გვქონდეს რუკები – ეს არის საფრთხის შეფასება, თუ რომელ სოფელში რა საფრთხეა. ეს არის ნებისმიერი კატასტროფის დროს საფრთხის და რისკის შეფასება მოსახლეობისთვის. ამის შემდეგაა ქმედება, რადგან კატასტროფის დროს ვერ რეაგირებ, მანამდე უნდა იყოს რეაგირება. ამას ვამბობდით შოვის ტრაგედიის დროს, ამას ვამბობდით ნებისმიერი ტრაგედიის დროს. მანამდეა აღსარიცხი მეწყერსაშიში ზონები. ეს არის მთელი რიგი ქმედებების, რომელიც დღეს კი არა გუშინ წინ უნდა გაეკეთებინა სამთავრობო სტრუქტურებს”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.