საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია აცხადებს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება “მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო” და რომ მას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში “ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას” უთხრეს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი თვის წინ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განმიმარტეს, რომ ჩემგან ელჩის ფუნქციის დატოვების მოლოდინი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერის სურვილს”, – აცხადებს თეა კატუკია.
მისივე თქმით, გაოცებულია მისი მისამართით გამოთქმული დამამცირებელი კომენტარებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც არ იცნობენ არც მას და არც მის საქმიანობას და არც არასდროს დაინტერესებულან საელჩოს მუშაობით.
“გასაკვირია, რატომ მოანდომა სამინისტრომ ჩემი პროფესიული ნაკლოვანებების გამომჟღავნებას სამი წელი, მაშინ როცა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში იერარქიის მიერ განხორციელებული ჩემი საბოლოო შეფასება საპირისპიროს ამტკიცებს. ვიწვევ ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება საფრანგეთში ჩემს დიპლომატიურ საქმიანობაში, მიმართოს საფრანგეთში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებს (კერძოდ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს) შეფასებისთვის.
ჩემსა და სამინისტროს შორის უთანხმოება ყოველთვის უკავშირდებოდა საკადრო და სტრუქტურულ საკითხებს, განსაკუთრებით საელჩოს გარკვეული ერთეულების მენეჯმენტს, რომელთა არაპატიოსანი, არაკომპეტენტური და მავნე ქმედებები ემსახურებოდა ჩემს დესტაბილიზაციას და ზიანს აყენებდა საელჩოს ეფექტურ საქმიანობას.
აღნიშნული ფაქტები ადვილად დასამტკიცებელია, რამეთუ გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ჩემი არაერთი ოფიციალური კომუნიკაციის საგანი. სამწუხაროდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია არცერთი სერიოზული ზომა არსებული ფაქტების აღმოსაფხვრელად.
გარდა ამისა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის განცხადება ქალბატონ პრეზიდენტთან ჩემი სავარაუდო ნეგატიური ურთიერთობების შესახებ მორიგი სიცრუეა. ჩემი ურთიერთობა ქალბატონ პრეზიდენტთან ყოველთვის იყო პატივისცემასა და გულწრფელობაზე დაფუძნებული და ამ სამი წლის განმავლობაში არასოდეს გამხდარა მცირედი კონფლიქტის საგანიც კი”, – აცხადებს ყოფილი ელჩი ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
თეა კატუკია ასევე მიმართავს მათ, ვინც “ძველი საბჭოთა მეთოდებით ცდილობს მის დაშინებას და აცხადებს, რომ მის შესახებ ინფორმაციას ფლობენ”:
“მოუთმენლად ველოდები აღნიშნული ინფორმაციების გაზიარებას! ჩემი საქმიანობა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს სათავეში, ისევე როგორც ზოგადად ჩემი პროფესიული კარიერა ყოველთვის ეფუძნებოდა ეთიკურ, პასუხისმგებლობით აღსავსე და გამჭვირვალე პრინციპებს. ისინი, ვინც ცრუ მტკიცებებით ჩემს შელახვას ცდილობენ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ”, – აცხადებს ყოფილი ელჩი.